ქვეყნებში, სადაც ახალგაზრდების უმუშევრობის დონე მაღალია, საქართველოც მოხვდა

მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ ახალგაზრდების უმუშევრობის დონის ზრდა თითქმის ყველა ქვეყნის პრობლემა გახდა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, გამოცემა „ბიზნეს ინსაიდერმა“ იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც ახალგაზრდების დიდი ნაწილი უმუშევრობას განიცდის. მათ შორის მოხვდა საქართველოც, სადაც ახალგაზრდების უმუშევრობის დონემ გასულ წელს 31,5 პროცენტი შეადგინა. სიაში პირველი ადგილი საბერძნეთს უჭირავს, სადაც ახალგაზრდების უმუშევრობის დონემ 64,8 პროცენტს მიაღწია. მეორე ადგილს ბოსნია და ჰერცოგოვინა იკავებს 60,2 პროცენტით, მესამეს კი ესპანეთი 58,2 პროცენტით. ევროპულ ქვეყნებს შორის სიაში ასევე მოხვდა საფრანგეთი 25,3 პროცენტით, უნგრეთი - 26,1 პროცენტით და პოლონეთი - 28,4 პროცენტით.

ახალგაზრდების უმუშევრობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საუდის არაბეთშია, სადაც 2014 წლის მონაცემებით, ახალგაზრდების 30 პროცენტი უმუშევრობის კრიზისს განიცდის. ირანში ეს მაჩვენებელი მცირედით მაღალია და 30,4 პროცენტს შეადგენს. ეგვიპტეში კი - 39,3 პროცენტს. რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, „ბიზნეს ინსაიდერის“ მიერ შედგენილ სიაში მხოლოდ სომხეთია შეყვანილი 40,6 პროცენტით.