რეისების აკრძალვით, რუსეთის აეროპორტები მილიარდობით რუბლს იზარალებენ

რუსეთის აეროპორტები თურქეთის, ეგვიპტისა და უკრაინის მიმართულებით ავიარეისების აკრძალვის შედეგად, წლის განმავლობაში დაახლოებით 5 მილიარდ რუბლს იზარალებენ. ამის შესახებ „დომოდედოვოს“ აეროპორტის დირექტორის მოადგილემ, დენის ნუჟდინმა განაცხადა.

„ამ ქვეყნების მიმართულებით ფრენების წილი საერთო ჯამში 20 პროცენტს შეადგენს. თურქეთის მიმართულებით 10 პროცენტს, ეგვიპტის - 8 პროცენტს, ხოლო უკრაინის მიმართულებით 2 პროცენტს“, - განაცხადა ნუჟდინმა. მისივე თქმით, საერთაშორისო ფრენებს გაცილებით მეტ შემოსავალი მოაქვს, ვიდრე შიდა რეისებს, ამიტომაც ზარალი დიდი იქნება.

რუსეთმა თურქეთის მიმართულებით ფრენები მას შემდეგ შეზღუდა, რაც თურქეთმა სირიის საზღვართან რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. ეგვიპტის მიმართულებით ავიარეისების აკრძალვის მიზეზი კი რამდენიმე კვირის წინ სინაის ნახევარკუნძულზე რუსი ტურისტებით სავსე თვითმფრინავის ჩამოვარდნა გახდა.