შეძლებენ თუ არა მეპატრონეები მარჯვენასაჭიანი ავტომობილების განბაჟებას?

"კანონის მიღებიდან და ამოქმედებიდან სამთვიანი გონივრული ვადა იქნება, მათთვის, ვინც ავტომობილს ელოდება, ვისაც გამოწერილი აქვს ან ვინც უკვეთავს მანქანას, რომელიც მარჯვენასაჭიანია"

"ჩემი მარჯვენა საჭიანი ავტომობილი იაპონიიდან ჩამომყავს, დაახლოებით ერთი კვირაა, რაც გზაშია და როდესაც საქართველოში შემოვა შეიძლება, რომ ვერ განვაბაჟო?", - თუ ამ კითხვის ავტორი შენ არ ხარ, მაგრამ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდი, მაშინ გეტყვით, რომ მსგავსი საფრთხე ჯერჯერობით არ გემუქრებათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი კანონპროექტის განხილვა ჯერ პარლამენტს არ დაუწყია, თუმცა მთავრობამ შსს-ს ინიციატივა მოიწონა.

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვა ერთადერთი ცვლილება არ იქნება, რასაც შსს-ს ცვლილებათა პაკეტი გულისხმობს.

რა ცვლილებებს გეგმავენ შსს-ში და რეალურად, რას ემსახურება აღნიშნული ცვლილებები, AMBEBI.GE შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, შალვა ხუციშვილს ესაუბრა.

- ბატონო შალვა, პირველ ყოვლისა, რა ბედი ელით მოქალაქეებს, ვინც მარჯვენასაჭიანი ავტომობილები შიძინეს და ახლა ელოდებიან მათ საქართველოში ტრანსპორტირებას, შეძლებენ თუ არა ისინი მანქანების განბაჟებას?

- კანონის მიღებიდან და ამოქმედებიდან სამთვიანი გონივრული ვადა იქნება, მათთვის, ვინც ავტომობილს ელოდება, ვისაც გამოწერილი აქვს ან ვინც უკვეთავს მანქანას, რომელიც მარჯვენასაჭიანია. სწორედ 3-თვიანი გონივრული ვადის ამოწურვის შემდეგ შევა ეს კანონი ძალაში, იმ შემთხვევაში, თუ იქნება მიღებული, რა თქმა უნდა.

- ვისთან გამართეთ შეხვედრები და თუ გქონდათ საუბარი პროექტის შემუშავებამდე დილერებთან?

- რაც შეეხება დილერებთან შეხვედრას, ჩვენ არ გვქონია შეხვედრა მათთან, რადგან ბაზარზე არ გვინდოდა რაიმე ზეგავლენა მოგვეხდინა. მანამდე შეხვედრები მხოლოდ ექსპერტებთან გვქონდა და მათი შეფასებები მოვისმინეთ.

რეალურად, ჩვენი ეს ინიციატივა გამოწვეულია იმით, რომ წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია მარჯვენასაჭიანი იმპორტირებული მანქანების რაოდენობა. ასევე გაზრდილია თანაფარდობა მარცხენასაჭიან მანქანებთან მიმართებაში.

წინა წლებში, მაგალითად, ყოველ 100 000 მანქანაზე მოდიოდა 12-15 000 მარჯვენასაჭიანი ავტომობილი, რაც გარკვეულწილად, დასაშვები ბალანსია. დღეისთვის ეს ციფრი გაზრდილია იმპორტის 40 პროცენტამდე. გარდა ამისა, ავტოპარკს ძველი მანქანები რაც აკლდება, ეს არის ძირითადად მარცხენასაჭიანი ავტომანქანები, ეს კიდევ უფრო ზრდის მარჯვენასაჭიანი ავტომობილების პროცენტულ მაჩვენებელს.

ეს ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორი იქნება განვითარება ჩვენი მოძრაობის სისტემის. მთელი ქვეყანა, გზები, ინფრასტრუქტურა მოწყობილია მარცხენასაჭიანი ავტომობილებისთვის. მსოფლიოში არ არის არცერთი შემდგარი სახელმწიფო, სადაც 50-50-ზეა მარცხენა და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რიცხვი.

თუ ჩვენ ახლა არ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მოწესრიგებული იყოს საავტომობილო მოძრაობა, მაშინ 7 წელიწადში მთავრობას მოუწევს ზრუნვა, რომ ერთ დღეს გამოვიდნენ მარჯვენასაჭიანი, ხოლო მეორე დღეს მარცხენასაჭიანი ავტომობილები.

იმისათვის, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ექსპერტებთან შეხვედრა მხოლოდ შეხვედრად არ დარჩენილიყო, გადავწყვიტეთ, მთავრობისათვის მიგვემართა ინიციატივით და დაწყებულიყო მსჯელობა ამ საკითხზე უკვე კანონპროექტის ფორმატში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოების ნაწილია და ცვლილებები სწორედ საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებისათვის ხორციელდება. თუ საზოგადოება შეთანხმდება, რომ ჩვენთვის ეს მისაღებია და ეს ასე უნდა დარჩეს, მაშინ საზოგადოების გადასაწყვეტია და პარლამენტი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. თუმცა თუ საზოგადოება მხარს ცვლილებებს დაუჭერს, ეს იქნება პრობლემის წინასწარ გადაწყვეტა.

არ არის აუცილებელი ავკრძალოთ მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. მაგალითად, წყნარი ოკეანის რამდენიმე სახელმწიფოს დაუდგა მსგავსი სიტუაცია. იაპონიის იაფმა ბაზარმა შექმნა სურათი, რომ მარცხენასაჭიანი ავტოპარკი სრულად გადაიყვანა მარჯვენასაჭიანზე.

- აღნიშნული ცვლილებები და შესაძლო შეზღუდვა საქართველოს ავტოპარკის "დაბერებას" ხომ არ გამოიწვევს, რადგანაც იაპონური მანქანების შემოყვანა ხდებოდა იაფად და შედარებით ახალი შემოდიოდა, ხოლო ცვლილების შემდეგ მოსახლეობას შესაძლოა მანქანის წლოვანების გაზრდა მოუწიოს, რათა შეზღუდულ თანხაში ჩაეტიოს...

- ჩვენ პარალელურ რეჟიმში ვცდილობთ, რომ გავაიაფოთ ახალი ავტომობილების განბაჟება. ვინც დღეს 3 000 დოლარს იხდის იაპონურ ავტომობილში და ამ თანხაში ყველაფერი შედის, ამ კატეგორიის მოქალაქეების ნაწილი ალბათ ვეღარ შეიძენს მანქანას, იმიტომ რომ, თუ მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები აიკრძალება, იაფ მანქანაზე ჩაიკეტება მოთხოვნა. მაგრამ მეორე მხრივ, ეს განტვირთავს გრძელვადიან პერსპექტივაში მოძრაობას - ამდენი მანქანა აღარ იმოძრავებს და იმ ხალხს, ვისაც ავტომობილის შეძენა მაინც სურს, სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას, რომ, მაგალითად, იაპონური ავტომობილის ნაცვლად განბაჟებაში დაზოგონ თანხები და უფრო უკეთესი ავტომობილი შეიძინონ.

გარდა ამისა, გაიაფდება მოტოციკლებისა და მოპედების განბაჟება, რათა სტუდენტისთვის შესაძლებელი იყოს, ევროპის მსგავსად, მათი შეძენა ავტომობილის ნაცვლად.

- სიახლეა ასევე უკონტაქტო პოლიცია და მართვის მოწმობის ქულებიანი სისტემა. ხომ არ მოახდენს უკონტაქტო პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმა ან ვიდეო ჯარიმა მართვის მოწმობის ქულებზე გავლენას?

- ქულების სისტემა არ ვრცელდება ვიდეო ჯარიმებზე. ქულები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როდესაც მოდის პოლიციელი, ახდენს ადამიანის იდენტიფიცირებას და აჯარიმებს.

უკონტაქტო პოლიცია გულისხმობს, რომ კამერა, რომელიც არის დაფიქსირებული შუქნიშანთან და აფიქსირებს დარღვევას, მოვიდეს მოძრაობაში. ეს არ არის არც ჩასაფრება, არც თვალთვალი. იქნება წინასწარ განსაზღვრული გრაფიკი, რომელიც მხოლოდ შსს-ს ეცოდინება. არ ექნება მძღოლს თვითნებობის საშუალება, რომ სადაც უნდა იქ გაიაროს, და ვისაც უნდა გამოეკიდოს და გადაუღოს. აღნიშნული პოლიცია არავის ჩაწერას არ ახორციელებს, არამედ ონლაინ რეჟიმში უყურებს გზაზე მოძრაობას. თუ დაფიქსირდა დარღვევა, ამის შემდეგ ხდება გადაღება და შსს-ს ვებგვერდზე ატვირთვა, როგორც დღეს ეს არის ვიდეო ჯარიმის შემთხვევაში. სწორედ ამიტომ ქვია მას უკონტაქტო პოლიცია და ჩვენ ძირითადი აქცენტი გავაკეთეთ ტექნოლოგიაზე.

შემდგომში იგეგმება ეს პროგრამა გაფართოვდეს - მოქალაქეებს, რომელთაც ვიდეორეგისტრატორი აქვთ და იღებენ დარღვევებს, და თუკი მიაწვდიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოქალაქეთა ჩართვაც მოხდეს ამ პროცესში.

- რამდენად მზად არის საპატრულო პოლიცია სიახლეებისთვის - თუნდაც, მართვის მოწმობის ქულების სისტემასთან დაკავშირებით თუ ჩაუტარდებათ მათ ტრენინგი?

- ქულების სისტემა საპატრულო პოლიციასთან არაფერ კავშირში არ არის. საპატრულო პოლიცია როგორც მუშაობს დღეს, ისევე გააგრძლებს მუშაობას. მისი გადასაწყვეტი არ იქნება, მოქალაქეს ქულა უნდა გამოაკლდეს თუ არა. უბრალოდ ჯარიმა, რომელიც გამოიწერება, ის ეგზავნება მომსახურების სააგენტოს. მომსახურების სააგენტო პორგრამულად წინასწარ განსაზღვრულ ქულებს ჩამოაკლებს. ეს არ არის ადამიანებზე დამოკიდებული. ჩამოკლების შემთხვევაში მოქალაქეს მიუვა მოკლე ტექსტური შეტყობინება, იმის შესახებ, რომ მას მართვის მოწმობაზე ქულები ჩამოაკლდა. აღნიშნული ქულების სისტემა უკვე შემუშავებულია, თუმცა მცირედით დასახვეწია და როდესაც პარლამენტში განხილვა დაიწყება, ეს ყველაფერი საჯარო გახდება.

ჩვენ არ ვაკეთებთ მკაცრ რეგულაციებს, ანუ არ ვზრდით ჯარიმებს და ფინანსური სანქციები არავის ემუქრება. პირიქით, ეს ცვლილებები არის იქითკენ მიმართული, რომ საგზაო წესების დაცვა ადამიანს სოციალური მდგომარეობისა თუ სტატუსის მიხედვით არ მოეთხოვებოდეს.

ჯონი პატარკაციშვილი

AMBEBI.GE