რას ნიშნავს "უკონტაქტო პატრულირება" და რამდენი ქულა ჩამოგაკლდებათ 1 დარღვევაზე

შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, პარტნიორ სამინისტროებთან ერთად, შსს-მ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამა დაამუშავა. როგორ გაზეთი "რეზონანსი" წერს, შს მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა მიზნად მძღოლების, ქვეითებისა და მგზავრების უსაფრთხოების დონის ამაღლებას, გზებზე სიკვდილიანობისა და ტრავმატიზმის შემცირებას ისახავს.

თალაკვაძემ "მთელ კვირასთან" საუბრისას მართვის მოწმობის ქულათა სისტემასა და "უკონტაქტო პატრულირებაზეც" ისაუბრა. მისი თქმით, ფარული პატრულირება ვიდეოჯარიმების ანალოგიურად იმუშავებს, ხოლო თუკი წესების დამრღვევი ჯარიმას არ დაეთანხმება, მას ჩანაწერის ნახვის შესაძლებლობა ექნება. შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ "უკონტაქტო პატრულირების" შედეგად, დედაქალაქში მოძრაობის წესები სამართალდამცველთან ყოველგვარი კომუნიკაციისა და კონფლიქტის გარეშე დამკვიდრდება. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალ პროგრამასთან დაკავშირებით "მთელი კვირა" არჩილ თალაკვაძეს ესაუბრა.

"მთელი კვირა": ვიცით, რომ მარტის თვიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოტანა იკრძალება. თუკი ადამიანს ახლა აქვს გეგმაში ან უკვე გამოწერილი აქვს მარჯვენასაჭიანი ავტომობილი, მასზე რაიმე შეზღუდვა დაწესდება?

არჩილ თალაკვაძე: ეს ცვლილება ქვეყანაში უკვე არსებულ ავტომობილებს და მათ მფლობელებს არ ეხებათ. არც მათ, ვისაც გადატანილი აქვს საჭე, ან ვისაც ნაყიდი აქვს და გზაშია. აგრეთვე არ ეხებათ მათ, ვისაც უკვე ჰყავს და მომავალში გაყიდვა მოუნდება. ეს ეხება მხოლოდ 2016 წლის მარტიდან შემოყვანას - ასეთი ავტომობილის რეგისტრაცია აიკრძალება.

რაც შეეხება უშუალოდ პრობლემას, თუ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების საკითხი არ დარეგულირდება, აშკარაა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს საგზაო მოძრაობის რეგულირება ჩიხში შევა. როცა მარჯვენსაჭიანი ავტომობოლების რაოდენობა მარცხენასაჭიანს გაუტოლდება, მაშინ რომელ მიმართულებაზე უნდა იყოს აწყობილი მოძრაობა? შევცვალოთ მოძრაობის მიმართულება?

მსოფლიოში არცერთ საშუალო ან მაღალი განვითარების ქვეყანას მარჯვენა და მარცხენასაჭიანი ავტოპარკი თანაბრად არ ჰყავს - ეს წარმოადგენს საფრთხეს მოძრაობისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ უკვე არსებულ მანქანებს არავინ შეეხება, თუმცა დღეს უნდა გადავწყვიტოთ, როგორ ავტომობილებს უნდა ატარებდნენ ჩვენი შვილები - მარჯვენასაჭიანს თუ მარცხენასაჭიანს.

"მ.კ.": მკაცრდება ჯარიმები და იქმნება ახალი ქულათა სისტემა. საინტერესოა, თუკი ადამიანი სხვის მანქანას მართავს, კონკრეტული დარღვევის შემთხვევაში ქულა აკლდება მანქანის მფლობელს თუ მძღოლს, რომელიც იმ მომენტში მანქანას მართავდა? ან კამერით დაფიქსირებული დარღვევები ქულებზე როგორ აისახება?

ა.თ.: ქულები აკლდება მძღოლს, რომელიც პატრულმა უშუალოდ დააჯარიმა. მანქანის მეპატრონეს არავითარ შემთხვევაში არ ეხება. ასევე ქულების ჩამოკლება არ ხდება ვიდეოჯარიმის შემთხვევაში.

"მ.კ.": იქნებ ორიოდე სიტყვით ქულათა სისტემაზეც გკითხოთ, დაახლოებით როგორ ნაწილდება ეს ქულები. მაგალითად, შეიძლება თუ არა მძღოლს 2 დარღვევაში ლიმიტი ამოეწუროს?

ა.თ.: ყველა მართვის მოწმობას წლიურად დაერიცხება 100 ქულა, ხოლო ყველა დარღვევას ექნება მინიჭებული კოეფიციენტი - 3, 5, 10 ან 25 ქულა. გააჩნია, რამდენად მძიმე და სახიფათო დარღვევაა. დაჯარიმების პარალელურად, მძღოლს ქულა ავტომატურად ჩამოაკლდება. ხოლო თუ იმდენჯერ არღვევს და თან ისე სახიფათოდ, რომ 100 ქულა წელიწადში არ ჰყოფნის, კარგავს მართვის მოწმობას და თავიდან უწევს მისი აღება.

ეს სიახლე ბოლომდე აღმოფხვრის დაუსჯელობის სინდრომს. "ჯარიმა გადავიხადე და მშვიდად ვარ, კიდევ შემიძლია დავარღვიო და კიდევ გადავიხდი, არა უშავს", - ეს პრინციპი ვეღარ იმუშავებს. ყველა გაუფრთხილდება მართვის მოწმობას.

"მ.კ.": გამოცდის თავიდან ჩაბარების შემთხვევაში, ტესტირება თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილშიც იქნება?

ა.თ.: დიახ, ორივეს ჩაბარება თავიდან მოუწევს.

"მ.კ.": მართვის მოწმობის გაცემას ემატება ტესტი რეალურ მოძრაობაში. როდიდან ამოქმედდება ეს ცვლილება და კერძოდ რას გულისხმობს იგი - დავუშვათ, ქალაქის მასშტაბით მოძრაობაში პოტენციური მძღოლის შემოწმებას?

ა.თ.: ეს არის საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც 20-ზე მეტ ქვეყანას აქვს დანერგილი. თეორიულ გამოცდასთან ერთად, მძღოლის გამოცდა მოხდება რეალურ მოძრაობაში - ამით მიიღებთ ბევრად საიმედო მართვის მოწმობას.

სიახლის დანერგვას დავიწყებთ მაშინ, როცა პარლამენტი ჩვენს ახალ პროგრამას განიხილავს, დაამტკიცებს და მის დანერგვას გარკვეული დრო დასჭირდება.

"მ.კ.": მკაცრდება სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის, სახანძროსთვისა და პოლიციისთვის გზის არდათმობაზე ადმინისტრირება. თუკი მძღოლს ამათგან რომელიმესთვის გზის დათმობის შემთხვევაში თავადაც მოუწია მოძრაობის წესების დარღვევა, ჯარიმა მაინც ეკისრება ან ქულა აკლდება?

ა.თ.: მკაცრდება და ეს აუცილებელია. არაერთი შემთხვევა გვაქვს, როცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებს გზას არ უთმობენ და მეტიც - არაერთხელ შეეჯახებიან. აუცილებელია, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებს ჰქონდეთ პრიორიტეტი და ამაზე მკაცრი რეაგირება განხორციელდეს.

"მ.კ.": როგორი პრინციპით იმუშავებს "უკონტაქტო პატრულირების" ახალი სისტემა? თუკი სამოქალაქო მანქანით პატრულირებისას სამართალდამცველმა რაიმე კონკრეტული დარღვევა დააფიქსირა და, შესაბამისად, მძღოლს ჯარიმა გამოუწერა, რა მექანიზმით შეიძლება მოქალაქე ამ ჯარიმის სამართლიანობაში დარწმუნდეს? როგორ გააკონტროლებთ ამას?

ა.თ.: "უკონტაქტო პატრულირება" ნიშნავს, რომ დარღვევას არა მხოლოდ საპატრულო პოლიციის მანქანა დააფიქსირებს, არამედ მის აღრიცხვას სპეციალური, მაღალი სიზუსტის რეგისტრატორებით სამოქალაქო მანქანებში მყოფი პოლიციელები, უბრალო მოქალაქეები და მოხალისეებიც შეძლებენ, რომლებიც ამ დარღვევებით წუხდებიან.

ეს სისტემა იმუშავებს ვიდეოჯარიმების ანალოგიურად. თუ არ ეთანხმებით, თქვენ ნახავთ ჩანაწერს. იქნება სამართლიანი და დოკუმენტირებული მიდგომა. რეგისტრატორები, რომელთაც გამოვიყენებთ, აღრიცხავს დროს და ადგილს სატელიტური კავშირით და უზუსტობას გამორიცხავს.

რა შედეგს მივიღებთ? - იმას, რაც ასე მოგვწონს ევროპაში: შეიძლება პოლიცია ადგილზე არ ჩანს, თუმცა, წესებს იცავს ყველა და ყოველთვის. რატომ? იმიტომ, რომ ყველამ იცის, დარღვევას არა მხოლოდ პატრული, არამედ ქალაქში არსებული ვიდეოკამერები, რეგისტრატორები და მოქალაქეებიც აკვირდებიან "უკონტაქტოდ და უპრობლემო აფიქსირებენ ისე, რომ დამრღვევთან კონტაქტში ან კოფნლიქტში არ შედიან".

"მ.კ": "უკონტაქტო პატრულირების" დროს მანქანის მფლობელს აკლდება ქულები, თუ მას, ვინც უშუალოდ მართავს ავტომობილს? თუკი ეს ცვლილება გულისხმობს იმას, რომ სამართალდამცველს მძღოლთან უშუალო კომუნიკაცია არ ექნება, ე.ი. გამოდის, რომ ავტომობილის მფლობელი ზარალდება, რომელიც შესაძლოა იმ მომენტში საჭესთან თავად არ ზის.

ა.თ.: დღეს როგორც არის ვიდეოჯარიმის შემთხვევაში, "უკონტაქტო პატრულირებაც" ანალოგიურად მოხდება. დიახ, ეს შეეხება ავტომანქანას. თუმცა, მფლობელს შეუძლია გადაამოწმოს დრო და ადგილი, როცა მისი ავტომობილი დაჯარიმდა.

სალომე სარიშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"