რა ღირს ახალი წლის ღამე საქართველოს ძვირადღირებულ კურორტებზე

ახალი წლის დადგომამდე ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩება. შესაბამისად, ბევრმა ჩვენგანმა უკვე დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ სად და რა პირობებში შევხვდეთ 2016-ს. წინასაახალწლო პერიოდში AMBEBI.GE ქალაქგარეთ მდებარე სასტუმროების გეგმებითა და შემოთავაზებებით დაინტერესდა. ჩვენ მიერ გამოკითხულ სასტუმროებს უკვე შერჩეული აქვთ სადღესასწაულო პროგრამები და არც კლიენტთა ნაკლებობას უჩივიან. როგორც ჩანს, ქართველი თუ უცხოელი მომხმარებელი დაჯავშნას ახალ წლამდე ერთი თვით ადრე იწყებს. სასტუმროებში კი სადღესასწაულო პერიოდში თავისუფალი ადგილების რაოდენობა ან აღარ არის, ან მათი რიცხვი დღითიდღე მცირდება.

ქეთი ხვედელიძე გუდაურში მდებარე სასტუმრო "მარკო პოლოს" მარკეტინგის მენეჯერია. როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, წელს პირველად სასტუმროს ტერიტორიაზე საახალწლო სოფელი მოეწყობა, რომელიც დამსვენებელს მთელი თვის განმავლობაში უმასპინძლებს. გაიმართება სუვენირების გამოფენა-გაყიდვა, სტუმრებს ტრადიციული კერძების დაგემოვნების და მაყალზე გოჭის შეწვის შესაძლებლობა ექნებათ.

რაც შეეხება ახალი წლის ღამეს, სადღესასწაულო აქტიობები 31 დეკემბრის 5 საათიდან იგეგმება. 11 საათზე "მარკო პოლოში" საახალწლო ვახშამი გაიმართება, რომელსაც უკრაინიდან მოწვეული წამყვანი და დიჯეი, ასევე ჯგუფი "გუფილენდი" უმასპინძლებენ. 12 საათზე კი ტრადიციულად იქნება ფეიერვერკიც.

სასტუმროში ერთი სტანდარტული ნომრის ფასი საახალწლო დღეები (30 დეკემბრიდან 3 იანვრამდე) იმატებს და 180 დოლარის ნაცვლად, 252 დოლარს შეადგენს. როგორც მარკეტინგის მენეჯერი აღნიშნავს, "მარკო პოლოში" უკვე თითქმის ყველა ნომერი დაჯავნილია.

კახეთში მდებარე სასტუმრო "ყვარლის ტბის" კორპორატიული გაყიდვების ხელმძღვანელის, ლინდა კიკოლაშვილის თქმით, სასტუმროში ორდღიანი სადღესასწაულო პაკეტის ღირებულება ორ ადამიანზე 1200 ლარს შეადგენს.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა შესაძლოა, ზოგს მაღალი მოეჩვენოს, მომხმარებელთა სიმცირეს ნამდვილად არ ვუჩივით. ყველანაირად ვეცადეთ კონკურენტებთან შედარებით მისაღები ფასები დაგვედგინა. ორდღიან პაკეტში შედის: ნომრის ღირებულება, საახალწლო გალა ვახშამი, ბავშვებისათვის ანიმატორი, სანტა და ასევე ყველა სტუმრისთვის საჩუქარი", - აღნიშნავს კორპორატიული გაყიდვების ხელმძღვანელი.

ლინდა კიკოლაშვილის თქმით, საახალწლო დღეებში ფასები ორჯერ უფრო მაღალია. ერთ ადამიანზე 315-დან 600 ლარამდე იზრდება, თუმცა დაგეგმილი აქტივობები მომხმარებელს ამ ფასად ნამდვილად უღირს.

ბაკურიანში მდებარე სასტუმროს BAKURIANI RESORTS-ის მენეჯერის მარიკა კოპალიანის თქმით, სასტუმროში ერთი დღის ფასი ერთ ადამიანზე 50-დან 65 დოლარის ფარგლებში მერყეობს. საახალწლო აქტივობები ფასში გათვალისწინებული არ არის. ჯავშნების მიღება უკვე დაწყებულია, მომხმარებელი საკმაოდ აქტიურია. როგორც სასტუმროს მენეჯერი აღნიშნავს, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად მსურველთა რაოდენობა იზრდება, თუმცა, მისი თქმით, სადღესასწაულო პერიოდისთვის BAKURIANI RESORT-ში უკვე მხოლოდ რამდენიმე თავისუფალი ნომერია დარჩენილი.

კაჭრეთის "ამბასადორში" სტუმრების განწყობაზე ელენე კალანდაძე იზრუნებს. 12 საათის შემდეგ სტუმრებისთვის დიჯეი დაუკრავს, ახალი წლის და ბედობის ღამის გატარების ღირებულება კი 2 ადამიანზე 550 დოლარს შეადგენს.

დამდეგი ახალი წლისთვის სასტუმროები განსაკუთრებით ემზადებიან. სადღესასწაულო პროგრამებისა და ტრადიციული სუფრის გარდა, კლიენტებს ისინი კიდევ ბევრ საინტერესო ღონისძიებას სთავაზობენ. მომხმარებლები კი განსაკუთრებული განწყობის შექმნისთვის მაღალი ფასის გადახდას, როგორც ჩანს, სულაც არ ერიდებიან.

ქრისტინე გამთენაძე

წყარო: AMBEBI.GE