ზეგანაკვეთური შრომა საქართველოში: შრომის კულტურა, მომხვეჭელობა თუ უმუშევრობის შიში?

2014 წელს საქართველოში დასაქმებულთა 22% აცხადებდა, რომ უწევდა ზეგანაკვეთური შრომა, ანუ მუშაობდა კვირაში 40 საათზე მეტს.

ერთი შეხედვით, ეს მაინცდამაინც შემაშფოთებლად არ ჟღერს, მაგრამ, როგორც ყველა საშუალო მაჩვენებელი, ესეც მალავს ზეგანაკვეთური შრომის გეოგრაფიულ ვარიაციას. ძალიან ცოტა ადამიანი მუშაობს კვირაში 40 საათზე მეტს ისეთ ადგილებში, სადაც თითქმის არ არსებობს სამსახურები, მაგალითად კახეთსა და რაჭაში. სამაგიეროდ, დასაქმებულთა ნახევარზე მეტს უწევს ზეგანაკვეთური შრომა დინამიურად განვითარებად თბილისში და 44%-ს დედაქალაქის მოსაზღვრე ქვემო ქართლში.

დღეში 8 საათზე მეტხანს მომუშავე ამდენი ადამიანის პირობებში, ზეგანაკვეთური შრომა უკვე ნორმად იქცა და ზოგიერთ პოზიციაზე სავალდებულოდაც კი მიიჩნევა. მაგალითად, საკმაოდ ბევრ სამთავრობო ორგანიზაციაში შეხვედრები და კონსულტაციები რეგულარულად ტარდება სამუშაო საათების შემდეგ და ხშირად შუაღამემდეც კი გრძელდება. ამ ორგანიზაციებში სამუშაოს დასაწყებად კანდიდატებს უკვე უწევთ, „მოქნილობა“ გამოიჩინონ ზეგანაკვეთური შრომის ასპექტში.

ქართველებმა, რომლებსაც ზარმაცი ერის რეპუტაცია აქვთ, შეიძლება დაიმსახურეს კიდეც ზეგანაკვეთური შრომა. ზოგს შეიძლება ეგონოს, რომ დომინანტი ქართველი მამაკაცებისათვის დღეში 12-15 საათიანი შრომა მათთვის პროტესტანტული ეთიკის სწავლების კარგი მეთოდია, მაგრამ ეს მხოლოდ რაღაც მომენტამდე გაამართლებდა. გარდა იმისა, რომ ზეგანაკვეთური შრომა არ გახლავთ სამართლიანი, ხანგრძლივი მუშაობა აქვეითებს შრომისუნარიანობასაც. ამასთან, არაჯანსაღი ცხოვრების წესისა და სამუშაოსთან დაკავშირებული მუდმივი სტრესის გამო, ზეგანაკვეთურად მომუშავეთა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობაც უარესდება.

მაშინ რატომ ვმუშაობთ ზეგანაკვეთურად?

შრომის კულტურა, მომხვეჭელობა თუ უმუშევრობის შიში?

დასაშვებია, რომ ზოგიერთი ჩვენგანი ვორკაჰოლიკია, ანუ სამსახურში გატარებული ყოველი დამატებითი საათით მხოლოდ სიამოვნებას იღებს. თუმცა ძნელი დასაჯერებელია, რომ თბილისელ დასაქმებულთა ნახევარს მონური შრომა სიამოვნებდეს.

იქნებ, ეს ხალხი ზეგანაკვეთური შრომით დამატებითი შემოსავლის მიღებას ცდილობს?! მაგალითად, 2014 წელს საქართველოში ზეგანაკვეთური მშრომელები 246 ლარით მეტ ხელფასს იღებდნენ თვეში, რეგულარულ სრულ განაკვეთზე მომუშავეებთან შედარებით. საერთო ჯამში ამ სხვაობას იმიტომ ვხედავთ, რომ ზეგანაკვეთურ მუშაკთა უმრავლესობა თბილისსა და მის შემოგარენში ცხოვრობს, სადაც ხელფასები (და ცხოვრების ხარჯებიც) გაცილებით მაღალია დანარჩენ საქართველოსთან შედარებით. ისევ განსხვავებული სურათი იხატება, როცა რეგიონულ დონეზე ვცდილობთ მდგომარეობის შეფასებას. თუკი რეგიონშივე დავაკვირდებით, განსხვავებები ზეგანაკვეთურ და განაკვეთურ მომუშავეთა ანაზღაურებებს შორის უმნიშვნელოა. მაგალითად, თბილისში ეს განსხვავება სტატისტიკურად უმნიშვნელოა, ქვემო ქართლში კი მხოლოდ 59 ლარს შეადგენს თვეში. აქედან ცხადი ხდება, რომ ზეგანაკვეთურ მშრომელთა უდიდესი ნაწილის შრომა სათანადოდ არ ფასდება.  

იხილეთ გაგრძელება