საქართველოში იმპორტირებული თურქული სტაფილო 84%-იანი მაჩვენებლით ლიდერობს

საქართველოში სტაფილოს წარმოება მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ამის შესახებ ექსპორტის პოტენციალის მქონე 21 პრიორიტეტული პროდუქტის ჩამონათვალშია აღნიშნული. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სტაფილოს წარმოების ინტენსიური განვითარებისათვის საქართველოში შესაბამისი ბუნებრივ-კლიმატური პირობები არსებობს.

ადგილობრივ ბაზარზე სტაფილოს მიწოდება ივლისის შუა რიცხვებში ქვემო ქართლიდან იწყება, სექტემბრის დასაწყისში - სამცხე-ჯავახეთის დაბლობიდან, ხოლო სექტემბრის შუა რიცხვებიდან სამცხე-ჯავახეთის მაღლობიდან გრძელდება. ადგილობრივი წარმოების ბაზარზე სტაფილო ხელმისაწვდომია თებერვლის ბოლომდე. არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სტაფილოს წარმოება მზარდი ტენდენციით ხასიათდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წელს საქართველოში 5 500 ტონა სტაფილო აწარმოეს. 2011 წელს საქართველოში წარმოებული სტაფილოს რაოდენობამ 8 500 ტონა შეადგინა. 2012 წელს საქართველოში 2 900, ხოლო 2013 წელს 9 900 ტონა სტაფილო აწარმოეს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონზე სტაფილოს მთლიანი წარმოების 70%, ქვემო ქართლის რეგიონზე - 20%, ხოლო დანარჩენ რეგიონებზე - 10% მოდის.

2012 წელს სტაფილოს იმპორტის თანხობრივი მაჩვენებელი 2 114 000 აშშ დოლარი იყო. 2013 წელს ამავე მაჩვენებელმა 3 441 000 აშშ დოლარი, ხოლო 2014 წელს 2 116 000 აშშ დოლარი შეადგინა. 2014 წლის მონაცემებით, ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები თურქეთი, ისრაელი, ირანი და სომხეთი არიან. თურქეთიდან სტაფილოს იმპორტი 84%-ს, ისრაელიდან - 9%-ს, ირანიდან - 4%-ს, ხოლო სომხეთიდან 3%-ს შეადგენს. 2014 წელს 1 კგ. სტაფილოს საცალო საბაზრო ფასები 1.39 ლარიდან 2.02 ლარამდე მერყეობდა. სტაფილოს ღირებულების მინიმალური მაჩვენებელი სექტემბერში, ყველაზე მაღალი ფასი კი ივნისის თვეში დაფიქსირდა.

ფინანსური მაჩვენებლები, რომლებიც 2015 წლის იანვარ-თებერვალში არსებული მონაცემების საფუძველზეა გაანგარიშებული და პირობით გათვლებს ეყრდნობა, სტაფილოს შემთხვევაში ასეთია: 1 ჰექტარ ფართობზე საწყისი საინვესტიციო კაპიტალი (მიწის ფასი) 5 000 ლარია. უკუგების პერიოდი მე-4 წელია, ხოლო რენტაბელობის შიდა ნორმა (8 წელი) - 26%.

პრიორიტეტული პროდუქტების ნუსხაში სტაფილოს გარდა თხილის, მოცვის, ვაშლის, მანდარინის, ბლის, ჩაის, ატმის, ხურმის, პომიდვრის, ხახვის, კიტრის, მტკნარი წყლის თევზის, მწვანილის, კარტოფილის, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის, ღორის ხორცის, ფრინველის ხორცის, რძის პროდუქტების, თაფლისა და ხორბლის წარმოება მოხვდა.

თამარ კორკოტაშვილი