ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაცია მომდევნო წლის პირველ კვარტალში პიკს მიაღწევს

ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაცია პიკს მომდევნო წლის პირველ კვარტალში მიაღწევს და სამიზნე მაჩვენებელს მომავალი წლის მეორე ნახევრიდან დაუბრუნდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განუცხადა. როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, ინფლაცია მცირედით გადასცდა სამიზნე მაჩვენებელს, თუმცა ეს პროგნოზირებადი იყო.

"ამის შესახებ ჯერ კიდევ აგვისტოს მოხსენებებში აღვნიშნავდით. ჩვენი პროგნოზით, ინფლაცია პიკს მიაღწევს მომდევნო წლის პირველ კვარტალში და დაუბრუნდება სამიზნე მაჩვენებელს მომავალი წლის მეორე ნახევრიდან. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავინახავთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების საჭიროებას, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ", - განაცხადა ქადაგიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკა განვითარების იმ ზღვარზეა, როდესაც ანგარიშებისა და პროგნოზების მიხედვით ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 2017 წლიდან 3%-მდე ჩამოიწევს და საშუალოვადიანი მაჩვენებელი 3% იქნება.

"ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი არის 5%, რაც ითვლება ოპტიმალურად იმ ზომისა და განვითარების სტადიისთვის, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით. ინფლაცია ნიშნავს სამომხმარებლო ფასების საშუალო ზრდას. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საქონელზე ფასი 5%-იდან 6%-ითაა გაზრდილი. ზოგ საქონელზე მნიშვნელოვნად გაზრდილია, ზოგზე შემცირებულია, ზოგზე არაა ცვლილება, მაგრამ საშუალო ინდექსი არის 6%-ზე ცოტა მეტი", - განაცხადა ქადაგიძემ.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განმარტა, იმ შემთხვევაში, თუ დაინახავენ ინფლაციის კიდევ უფრო ზრდის საფრთხეს, ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს. გიორგი ქადაგიძის თქმით, "ახლა ყველაფერი იმ პროგნოზებთან სრულ შესაბამისობაშია, რასაც ეროვნული ბანკი მთელი თვეების განმავლობაში აქვეყნებდა".

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2015 წლის ნოემბრისთვის ინფლაციის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2015 წლის ნოემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ 6,3%-ის მიაღწია, ხოლო ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წლიური მიზნობრივი მაჩვენებელი 5%-ს შეადგენს.