ფონდ "ლაზარეს" ორგანიზებით მოზარდთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეს" ორგანიზებით, ხვალ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის საგამოფენო დარბაზში მოზარდთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეს" სახელობო-პროფესიული სწავლების პროექტში მონაწილე მოზარდთა ნამუშევრები. კერძოდ, "ლაზარეს" სასწავლო სახელოსნოებში დამზადებული საიუველირო ნაწარმი, მინანქარი, ჭედურობა, ხეზე ნაკვეთი ნივთები, ტანსაცმელი, ფარდაგები, თექის ნაწარმი და სხვა.

ფონდის ინფორმაციით, პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან: საქართველოს საპატრიარქო და სააქციო საზოგადოება "თელასი". გამოფენა 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.