ჯანდაცვის კომიტეტმა მარეგულირებელი კომისიებისა და "საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელის ხელფასის შემცირებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ოპოზიციონერი დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის ინიციატივას, რომელიც მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებისა და "საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელის ხელფასების შემცირებას ისახავს მიზნად, მხარი დაუჭირა. კერძოდ, ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ შეთავაზებული პროექტები აღნიშნული პირებისთვის სახელფასო ჭერის დაწესებას და ხელფასის ოდენობის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლებთან გათანაბრებას ითვალისწინებს.

ბობოხიძის ინფორმაციით, "საპარტნიორო ფონდის" მთავარი აღმასრულებლის ხელფასი 21 ათასი ლარით არის განსაზღვრული, კომუნიკაციის ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ხელფასი 16 640 ლარია, სემეკის თავმჯდომარის ხელფასი – 12 ათასი ლარი, ხოლო წევრების – 11 900 ლარი.

"თუკი გავითვალისწინებთ, რამდენად მაღალია მათი ხელფასები, შეუძლებელია არა თუ კომიტეტის, ასევე პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერა არ ჰქონდეს წარდგენილ ინიციატივას," – აცხადებს აკაკი ბობოხიძე.