დიმიტრი ქუმსიშვილი ავიატორებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღეს ულოცავს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ავიატორებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღეს ულოცავს.

დიმიტრი ქუმსიშვილის მილოცვას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, სამოქალაქო ავიაცია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სახელმწიფოების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.

"მინდა, საავიაციო დარგში დასაქმებულ თითოეულ სპეციალისტს მივულოცო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე. ეს არის ხალხი, რომელთა ყოველდღიური მუშაობის შედეგად საჰაერო ტრანსპორტით ჩვენი გადაადგილება არის უსაფრთხო, საიმედო და კომფორტული. ძნელია, დაასახელო დარგი, რომელიც არსებობის მხოლოდ ერთ ასწლეულს ითვლიდეს და შეძლოს ის, რაც ამ მოკლე ხნის მანძილზე სამოქალაქო ავიაციამ შეძლო - სრულიად გარდაქმნას ადამიანთა ცხოვრება, მინიმუმამდე შეამციროს მანძილი და ტრანსპორტის ყველა სხვა სახეობაზე უფრო უსაფრთხოდ და ეფექტურად დააკავშიროს ერთმანეთს ხალხი, სახელმწიფოები, რეგიონები. სამოქალაქო ავიაცია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სახელმწიფოების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. სწორედ ამიტომ, საქართველოს ეკონომიკის მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა, ჩვენი სამინისტრო, მის სისტემაში შემავალი საავიაციო უწყებები და საავიაციო ინდუსტრია ძალისხმევას არ აკლებენ და ყოველდღიურად მუშაობენ საავიაციო დარგის შემდგომ განვითარებაზე.

ამ მხრივ მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი: ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ საქართველოს, ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ხელმოწერილი შეთანხმების (ჩAA-A), აგრეთვე, ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აქტიურად ახორციელებს ევროპული რეგულაციების დანერგვას საქართველოს საავიაციო კანონმდებლობაში. ეს ნიშნავს, რომ ვალდებულებების შესრულების შემდგომ ქვეყანას ექნება ერთიანი საჰაერო სივრცე ევროპასთან, უფრო მაღალი - ევროპული სტანდარტები ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მისი ზედამხედველობის, მგზავრთა უფლებების დაცვის, საავიაციო ბაზარზე დაშვების, ავიასპეციალისტთა კვალიფიკაციის, საჰაერო მოძრაობის ორგანიზების, უშიშროების და სხვა ძირითადი მიმართულებების კუთხით", - აცხადებს ქუმსიშვილი.

რაც შეეხება უკვე არსებულ შედეგებს, ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ესენია: საავიაციო ორგანიზაციებში გაწევრიანება, საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, ახალი ავიკომპანიების მოზიდვა, შიდა ფრენების სტიმულირება.

"ბოლო სამი წელი ამ მიმართულებების მხრივ ძალიან წარმატებული იყო: საქართველო გახდა ავიაციის სფეროში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული უწყების, საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) რიგით მე-40 წევრი; საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოვიდნენ Atlasjet, Air Arabia, Air Cairo, Air Onix, Transaero, Aeroflot, ISRAIR, Al Naser Airlines, Iraqi Airways, Ellin air, Borajet, Enter Air, Bek Air, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები: Wizz Air (Hungary), Dniprovia, YanAir; საჰაერო მიმოსვლა დაიწყო ახალი მიმართულებებით: შარჟა, ჰურგადა, შარმ ელ შეიხი, სიმფეროპოლი, ბასრა, ალ-ნაჯაფი, ბაღდადი, ერბილი, სულეიმანია, სალონიკი, კატოვიცე, ბუდაპეშტი, ვილნიუსი; აღდგა რეგულარული საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის; სრული დატვირთვით ამუშავდა ქუთაისის აეროპორტი, ამოქმედდა ორი ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტი ("მიმინო" "ნატახტარი"); მთავრობის ხელშეწყობით რეგულარული ფრენების აღდგენა მესტიის მიმართულებით", - განმარტავს ეკონომიკის მინისტრი.