რუსეთში, შესაძლოა, ახალგაზრდებისთვის სიგარეტის მოწევა აიკრძალოს

რუსეთში შესაძლოა, 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის სიგარეტის მოწევა და მათთვის თამბაქოს მიყიდვა აიკრძალოს. შესაბამისი ინიციატივით ფედერაციის საბჭოს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი, ანტონ ბელიაკოვი გამოდის. მან საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტიც შეიტანა. დეპუტატის თქმით, რუსეთი მწეველთა რიცხვის მიხედვით მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს, რაც საგანგაშო მაჩვენებლია.

„ჩვენს ქვეყანაში მამაკაცების 60% და ქალების 20% მწეველია. მოწევის შედეგად წარმოშობილი დაავადებებისგან წლის განმავლობაში რუსეთში 400-დან 700 ათასამდე ადამიანი იღუპება“, - აღნიშნა ბელიაკოვმა.

„როსპოტრებნადზორის“ ინფორმაციით, რუსეთში ბიჭების 40% და გოგონების 7% მოწევას 15-19 წლის ასაკში იწყებენ და საშუალოდ, დღეში ბიჭები - 12, გოგონები კი 7 ღერ სიგარეტს ეწევიან.