"თიბისი ბანკის" დაფინანსებით "საგურამოჰესი" აშენდება

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში, "თიბისი ბანკის" მიერ დაფინანსებული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იწყება. როგორც "თიბისი ბანკში" აცხადებენ, "საგურამოჰესის" მშენებლობის ერთადერთი დამფინანსებელი სწორედ საკრედიტო ინსტიტუტი "თიბისი ბანკია", რომელიც პროექტში 6 მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს.

"საგურამოჰესის" მშენებლობის ოფიციალური გახსნის ცერემონიალს დღეს ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის დარგში, დავით წიკლაური და კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალური დირექტორი, გიორგი ცხადაძე დაესწრნენ. სიტყვით გამოსვლისას, ენერგეტიკის მინისტრმა "თიბისი ბანკს" თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან ამ პროექტის დაფინანსებაში ჩართულობა მისასალმებელია.

"თიბისი ბანკი მუდმივად ცდილობს, საქართველოში ენერგოსექტორის განვითარებას შეუწყოს ხელი. "საგურამოჰესი" ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თიბისი ბანკის მიერ დაფინანსებული უკვე მე-11 პროექტია. ვფიქრობთ, რომ ენერგოსექტორს საქართველოში საკმაოდ დიდი პერსპექტივა აქვს, ამიტომ მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ ამ სფეროში მოქმედ კომპანიებთან", - განაცხადა "თიბისი ბანკის" კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის დირექტორმა დავით წიკლაურმა.

"თიბისი ბანკის" ინფორმაციით, საგურამოს ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება 2016 წლის ბოლოსთვის იგეგმება. ჰესის სიმძლავრე 4,4 მგვტ იქნება, წლიური გამომუშავება კი - 32 მლნ.კვტსთ.

ჰიდროელექტროსადგურისთვის ტურბინას, გენერატორს და დამხმარე მოწყობილობებს ავსტრიული კომპანია ANDRITZ HYDRO SAS დაამზადებს. გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ნებართვა კომპანიას უკვე მიღებული აქვს და დაწყებულია მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები. მათივე ინფორმაციით, "საგურამოჰესი" მთელი წლის განმავლობაში თანაბარი სიმძლავრით იმუშავებს, რითაც ზამთრის დეფიციტი შემცირდება. მომავალში შესაძლებელია ჰესში გატარებული სუფთა წყლის გადამუშავება და თბილისის წყალმომარაგებისთვის გამოყენება.