რუსეთი უკრაინას გაზს არ გაუთიშავს

რუსეთი არცერთ შემთხვევაში უკრაინას გაზს არ გაუთიშავს და რისკის ქვეშ არ დააყენებს ევროპაში გაზის ტრანზიტის საკითხს. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა.

„უკრაინა რუსეთიდან იღებს ბუნებრივ აირს. დღესდღეობით, ეს თანამშრომლობა იმ პროტოკოლებით რეგულირდება, რომლებსაც ხელი წელს ოქტომბერში მოეწერა ნახევარი წლის ვადით. ჩვენ ვთანამშრომლობთ იმ კონტრაქტების ფარგლებში, რომლებიც გაფორმდა 2019 წლის ბოლომდე გაზის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ. მიმაჩნია, რომ ამ კონტრაქტების ფარგლებში, საჭიროა თანამშრომლობის გაგრძელება, ვინაიდან ჩვენ ევროპელი მომხმარებლებისათვის გაზის საიმედო მიმწოდებლები ვართ“, - განაცხადა ნოვაკმა.

რუსეთის მიერ უკრაინისათვის გაზის მიწოდების საკითხზე გასულ კვირას „გაზპრომის“ ხელმძღვანელ ალექსეი მილერსა და „ნაფტოგაზის“ დირექტორ ანდრეი კობოლევს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. რუსული ნავთობკომპანიის ცნობით, ფინანსური პრობლემების გამო, „ნაფტოგაზის“ მიერ რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის განახლება და გაზის საფასურის წინასწარ გადახდა წლის ბოლომდე არ არის მოსალოდნელი.

„ნაფოტგაზისა“ და „გაზპრომის“ შეთანხმების მიხედვით, უკრაინა რუსულ ბუნებრივ აირს მხოლოდ წინასწარი გადახდის შემთხვევაში მიიღებს.

„გაზპრომის“ ცნობით, 2016 წლის პირველ კვარტალში მხარეები შეეცდებიან ბუნებრივი აირის ფასთან დაკავშირებით გამოსავლის პოვნას. ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, მომავალი წლის დასაწყისში „ნაფტოგაზი“ აპირებს რუსულ მხარეს გაზის ფასის შემცირების თხოვნით მიმართოს.