სააკაშვილი უკრაინაში მთავარ კორუფციონერებს ასახელებს

უკრაინა კორუფციის გამო ყოველწლიურად 5 მილიარდ დოლარზე მეტს კარგავს. ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

„მოქმედი მთავრობის მმართველობის პერიოდში სახელმწიფო დაწესებულებებში კორუფციის შედეგად 120 მილიარდი გრივნა დაიკარგა. მთლიანი შიდა პროდუქტი 20 პროცენტით შემცირდა. მე პასუხისმგებელი ვარ იმ მონაცემებზე და ციფრებზე, რაც მე მოვიყვანე, მაგრამ ვინ არის პასუხისმგებელი შექმნილ ვითარებაზე, არ ვიცი. ნორმალურ ქვეყნებში ამაზე პასუხისმგებელი მთავრობის მეთაურია“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მანამდე კი ოდესის გუბერნატორმა ის ოლიგარქები დაასახელა, რომლებიც მისი მტკიცებით, კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობენ. მათ შორის არიან რინატ ახმეტოვი, დმიტრი ფირტაში და იგორ კოლომოისკი. სააკაშვილის თქმით, ისინი კორუმპირებულ ბიზნესმენთა სიის სათავეში არიან. საქართველოს ექსპრეზიდენტი კორუფციაში სდებს ბრალს ასევე „ეროვნული ფრონტის“ დეპუტატ ნიკოლაი მარტინენკოს და ანდრეი ივანჩუკს.