დიმიტრი ქუმსიშვილის ვარაუდით, ინფლაცია 2016 წლის მეორე კვარტლიდან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ვარაუდობს, რომ ინფლაცია 2016 წლის მეორე კვარტლიდან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება. ამის შესახებ ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს შესაბამის შეკითხვაზე საპასუხოდ განუცხადა. რაც შეეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ინფლაცია პიკს მომდევნო წლის პირველ კვარტალში მიაღწევს და სამიზნე მაჩვენებელს მომავალი წლის მეორე ნახევრიდან დაუბრუნდება, ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ ის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეთანხმება.

"მინდა დავეთანხმო ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. 2016 წლის პირველ კვარტალში, სავარაუდოდ, ინფლაციის მაჩვენებელი ცოტა კიდევ უფრო გაიზრდება და მეორე კვარტლიდან უკვე უნდა დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს", - განაცხადა ქუმსიშვილმა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, დღეს ყველაზე მეტი ინფლაცია არის სასურსათო მიმართულებით.

"ყველაზე მეტი ინფლაცია გვაქვს სასურსათო მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ამ კუთხით დღეს არსებული ვითარება და მეზობელ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა უნდა წაეშველოს ჩვენს ბაზარს და ფასების სტაბილიზაცია ჩვენც საკმაოდ მალე უნდა ვნახოთ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. კითხვაზე, რამ გამოიწვია ინფლაცია და ზოგადად ფასების მატება, ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ ფასების მატება ყოველთვის კომპლექსურია.

"ფასების მატება, როგორც წესი, ყოველთვის კომპლექსურია და ეს დამოკიდებულია მოთხოვნა-მიწოდებაზე. თუ მიწოდება არის იმაზე ნაკლები, ვიდრე ჩვენ გვაქვს მოთხოვნა, ან თუ მიწოდების ფასი არის იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ გვინდა, ამ შემთხვევაში გვაქვს ინფლაცია", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2015 წლის ნოემბრის თვის ინფლაციის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 2015 წლის ნოემბერში საქრათველოში ინფლაციის დონემ 6,3%-ს მიაღწია, ხოლო ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წლიური მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი 5%-ს შეადგენს.