დიმიტრი ქუმსიშვილი - მარჯვენასაჭიანი ავტომობილი მარცხენა მოძრაობის შემთხვევაში საფრთხეს ქმნის

მარჯვენასაჭიანი ავტომობილი მარცხენა მოძრაობის შემთხვევაში საფრთხეს ქმნის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შესაბამის კანონპროექტზე კომენტირებისას განუცხადა. აღნიშნულ კონტექსტში მინისტრმა განმარტა, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებული კანონპროექტი სწორედ გზებზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით შემუშავდა.

"ერთადერთი, რაც შს სამინისტროს ამოძრავებდა, არის ის, რომ გზაზე გადაადგილება იყოს უსაფრთხო. ყველა უნდა დავეთანხმოთ ერთმანეთს, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილი მარცხენა მოძრაობის შემთხვევაში და, პირიქით, საფრთხეს ქმნის. მძღოლი უბრალოდ წინ ვერ ხედავს", - განაცხადა ქუმსიშვილმა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, მას კარგად ესმის მცირე მეწარმეების.

"მე კარგად მესმის მცირე მეწარმეების, თუმცა კანონი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ არსებული პარკი, რომელიც თითქმის გაუტოლდა მარცხენასაჭიან პარკს, იყოს შენარჩუნებული და შემდგომში, ნელ-ნელა უნდა მოვაწესრიგოთ სიტუაცია ამ მიმართულებით", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

შს სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტის თანახმად, 2016 წლის მარტიდან საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია იკრძალება.