მარჯვენასაჭიანი მანქანები უკვე გაძვირდა

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვამ ფასზეც იმოქმედა. როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, იმპორტიორების ინფორმაციით, ამ კატეგორიის მანქანები მოულოდნელად 10-15%-ით გაძვირდა, რადან მოთხოვნამ ერთბაშად მოიმატა. მომხმარებელი ფიქრობს, მარტამდე მოასწროს ყიდვა. უკვე შეკვეთილი პარტიის ჩამოსვლას იმპორტიორები თებერვალში ელოდებიან. ისინი ამბობენ, რომ მარჯვენასაჭიან მანქანებს ერთ-ორ თვეში მეტი მოგებით გაყიდიან. იმპორტიორთა ვარაუდით, მარტის შემდეგ მარცხენასაჭიანი მანქანებიც გაძვირდება, რადგან მხოლო მათზე იქნება მოთხოვნა, თუმცა ტენდენცია დიდხანს არ შენარჩუნდება და ფასიც ნელ-ნელა დარეგულირდება.

მთლიანობაში, დილერების ნაწილი მარჯვენასაჭიანებთან დაკავშირებულ აკრძალვას დადებითად აფასებს. ის სეგმენტი კი, რომელიც მხოლოდ ასეთი მანქანების შემოყვანით იყო დაკავებული, აშკარად უკმაყოფილოა. ავტოიმპორტიორები ამბობენ, რომ შესაძლოა, ამით საქართველოში იაფი მანქანების ხანაც დასრულდეს. ასე ფიქრობს ლევან ვეშაპური, რომლის თქმითაც, აკრძალვის პარალელურად, შედარებით ნაკლებ ფასში, მხოლოდ ძველი გამოშვების მანქანის რეალიზაცია მოუწევთ. მისი ვარუდით, 2000 წელს ზემოთ გამოშვებული ან ახალი მანქანების ფასი მინიმუმ 20%-ით მოიმატებს.

”შეკვეთილ პარტიას რამდენიმე დღეში ველოდები. იმპორტი ბოლოს 2 თვის წინ განვახორციელეთ. ბევრი მანქანა არ ჩამომიყვანია, მაგრამ გაყიდვა გამიჭირდა. ახლა მეტი შეკვეთა მაქვს, რადგან კლიენტების უმეტესობა ცდილობს, მოასწროს ყიდვა. მე კი საშუალება მეძლევა, მეტი მოგება დამრჩეს. წინა პარტიისგან განსხვავებით, სადღაც 10-15%-ით ძვირად გავყიდი. ამის შემდეგ ახალი სტანდარტის შესაბამისად უნდა ვიმოქმედო, თუმცა ეს ჩემთვის ადვილი არ იქნება. არ გამოვრიცხავ, საერთოდაც შევეშვა ამ ბიზნესს, მაგრამ მანამდე ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენო. ვფიქრობ, მარტიდან მარცხენასაჭიანებსაც გააძვირებენ და ტენდენცია გაზაფხულის ბოლომდე შენარჩუნდება”, - ამბობს ავტოდილერი.

რუსთავის ბაზრობაზე მომუშავე ლადო გერსამია ამბობს, რომ იმპორტიორებისთვის ახალ სტანდარტზე გადასვლა რთული პროცესი იქნება. რაც შეეხება ფასს, უახლოეს რამდენიმე თვეში ბაზარზე რყევაა მოსალოდნელი, რადგან ცვლილება აბსოლუტურად ყველა კატეგორიის ავტომობილს შეეხება.

”მარჯვენასაჭიანი მანქანების გაყიდვას ხელს უწყობდა ფასი, სიიაფის გამო კლიენტების უმეტესობა ასეთ მანქანას უკვეთავდა. გარდა ამისა, იგი უფრო ეკონომიურიცაა და უპირატესობა ამ მხრივაც აქვს. ვისაც მარჯვენასაჭიანი ავტომობილის ყიდვა უნდოდა, ამ პროცესს დააჩქარებს კიდეც, რომ ვადაში ჩაეტიოს. ალბათ ცოტას იზარალებს ფასში. ახლა გაცილებით მეტის გადახდა მოუწევს. სხვაობა უკვე 10-15%-ის ფარგლებშია.

ხალხს რომ არა აქვს ძვირადღირებული მანქანის ყიდვის საშუალება, იმიტომ ყიდულობენ მარჯვენასაჭიანებს. ამ აკრძალვით ლუკმაპურის შოვნის საშუალებასაც მოუსპობენ, ჩვენ კი ფინანსურად დავზარალდებით, რადგან ბიზნესის მიმართულების შეცვლა მოგვიწევს. არც იმას გამოვრიცხავთ, რომ საერთოდ თამაშგარეშე დავრჩეთ.

თუ უნდათ, რომ საცობების მიზეზად მარჯვენასაჭიანები მიიჩნიონ, თბილისში არაერთი სერიოზული პრობლემაა როგორც საცობების, ისე პარკირების თუ გარემოს დაბინძურების მხრივ, მაგრამ გამოსავალი არასწორად მოძებნეს,” - ამბობს დილერი.

კომპანია ”რობანი მოტორსის” თანადამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე ავტომობილების ბაზარზე საფასო ცვლილებებს ჯერჯერობით არ ელოდება. მისი აზრით, ფასი მარტამდე შენარჩუნდება ან ცვლილება უმნიშვნელო იქნება. რაც შეეხება მარცხენასაჭიანების ფასს, ჯამაგიძის ვარაუდით, ამ მხრივ გაძვირება მართლაც რეალურია, თუმცა ტენდენცია დიდხანს არ გაგრძელდება.

”საკანონმდებლო დონეზე აკრძალვას ზოგმა პოლიტიკური შეფასება მისცა, რასაც კატეგორიულად ვემიჯნები. მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის აკრძალვას საკმაოდ მყარი არგუმნეტები აქვს და მას აბსოლუტურად ვეთანხმები. სათითაოდ ვერ ჩამოვთვლი ამ მიზეზს, ისედაც ბევრი ითქვა. ფაქტია, რომ გადაწყვეტილება მგზავრობის უსაფრთხოების გამო მიიღეს.

ამბობენ, რომ ფასზე უკვე აისახა და მარჯვენასაჭიანი მანქანის ღირებულებამ და რეალიზაციამაც მოიმატა. ამ მოსაზრებას ვერ გავიზიარებ. შეიძლება, ვიღაცას გულით უნდა მოასწროს და მზადაა მეტი თანხის გადასახდელად, მაგრამ ასეთი მყიდველი ბაზარზე ბევრი ვერ იქნება. პირიქით, უფრო რეალურია, რომ მარცხენასაჭიანები გაძვირდეს, რაც მარტიდან მოსალოდნელია კიდეც”, - ამბობს ჯამაგიძე. მისი ვარაუდით, გაზაფხულის ბოლომდე მდგომარეობა დარეგულირდება და ხელოვნურად აწეული ფასიც დაიკლებს.

”ამერიკისა და ევროპის ბაზარზე მომუშავე იმპორტიორებს მოგვეცემა რეალური შესაძლებლობა, რომ ხარისხიანი ავტომანქანები მოვაწოდოთ მომხმარებელს. შეიძლება არ იყოს ახალი, 1-2 წლით მეტი ასაკიც ჰქონდეს, მაგრამ ხარისხი გარანტირებული იქნება. ამას განსაკუთრებით ვუსვამ ხაზს, რადგან არასწორად გადატანილი საჭე შეიძლება უფრო საშიშიც იყოს, ვიდრე მარჯვენასაჭიანი.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სავარაუდოდ, მარტიდან მაისამდე მარცხენასაჭიანიც გაძვირდება, დაახლოებით 20%-ით, მაგრამ ასე დიდხანს არ გასტანს. მიწოდების შესაბამისად ფასიც ნელ-ნელა დარეგულირდება”, - აცხადებს ელგუჯა ჯამაგიძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე