მერიის ანგარიშის მიხედვით, 2014 წელთან შედარებით 2015 წელს გზის მეტი საფარი დაიგო

თბილისის მერიის ინფორმაციით, 2014 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებთან შედარებით, 2015 წლის ამავე პერიოდის განმავლობაში არსებითად მეტი გზის საფარი დაიგო.

ამის შესახებ ნათქვამია დედაქალაქის მთავრობის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშში, რომელიც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებსა და დიპლომატიურ კორპუსს დღეს თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ წარუდგინა. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

"2014 წლის ბოლო 3 თვის განმავლობაში ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები (23 609,3 ლარი), წინა ხელისუფლების პირობებში, 2014 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში, ამავე ტიპის სამუშაოებში ბიუჯეტის ათვისებას (25 020,4 ლარი) უტოლდება. რაც შეეხება 2015 წლის საგზაო სამუშაოებს, 2014 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებთან შედარებით (224 119,20 მ2 ასფალტი), 2015 წლის ამავე პერიოდის განმავლობაში არსებითად მეტი გზის საფარი დაიგო ( დაახლ. 269 726,85 მ2 ასფალტი)", - ნათქვამია ანგარიშში.

მერიის განმარტებით, ასევე განხორციელდა საინჟინრო ნაგებობებისა და სხვა ობიექტის მშენებლობა-რეკონსტრუქცია, ავარიული საცხოვრებელი შენობების კაპიტალური გამაგრება. დამუშავების პროცესშია მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმა, რომელიც ქალაქის მდგრადი განვითარების ძირეულ პრინციპებს მოიცავს.

"ამასთან, ქალაქის საჭიროებების გათვალისწინებით მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, გამკაცრდა სარეკრეაციო ზონების დაცვის რეჟიმი, მშენებლობისას გაიზარდა გამწვანებული ნაწილის კოეფიციენტი", - აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, თბილისის მთავრობა ხაზს უსვამს, რომ დედაქალაქის მდგრადი განვითარებისთვის მერია "მომავლის ქალაქის" პროექტის განხორციელებას იწყებს.

"ქალაქის ისტორიაში პირველად, ძალაში შევიდა თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგია, რომელიც მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად, დედაქალაქის გარემოსდაცვით პრიორიტეტებს განსაზღვრავს. მყარი ნარჩენების მართვის პოლიტიკის შემუშავების მიზნით, განხორციელდა მთელი რიგი ღონისძიებები. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ემისიების, CO2-ის, შემცირებისა და თბილისში ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს უზრუნველსაყოფად.

დედაქალაქის მთავრობის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშში დეტალურად გაიწერა თბილისის მერიის მიერ 12 თვის განმავლობაში წარმოებული სამუშაოები, მათ შორისაა - შშმ პირთა ხელშეწყობა და ადაპტირებული გარემოს შექმნა, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ეკონომიკისა და ბიზნესის ხელშეწყობა, კულტურა, განათლება, სპორტი და ახალგაზრდობა, გამწვანება, მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება", - ნათქვამია ანგარიშში.

დედაქალაქის მთავრობის საქმიანობის ერთი წლის ანგარიში სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი თბილისის 2015 წლის ბიუჯეტია, რომელიც, დედაქალაქის მთავრობის განმარტებით, პრიორიტეტების მიხედვით დაიგეგმა - მნიშვნელოვნად გაიზარდა ინფრასტრუქტურული, სოციალური, ჯანდაცვის, კულტურის, განათლებისა და სხვა პროგრამების ბიუჯეტები, ამასთან, შემცირდა თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ადმინისტრაციული ხარჯები.