მერიამ 13 ივნისს დაზარალებულ 46 ოჯახს საცხოვრებელი ფართის შესაძენად თანხა უკვე ჩაურიცხა

თბილისის მერიის ანგარიშის დიდი ნაწილი 13 ივნისის სტიქიის შედეგებსა და სალიკვიდაციო სამუშაოებს ეთმობა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, დედაქალაქის მთავრობამ დაზარალებულები დაუყოვნებლივ უზრუნველყო დროებითი საცხოვრისებით, რის შემდეგაც სტიქიის ზონებში დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლების მდგომარეობის აღწერა/შეფასება განხორციელდა და ბოლო მონაცემებით, მერიამ საცხოვრებელი ფართის შესაძენად თანხა 46 ოჯახს უკვე ჩაურიცხა. კვლევის შედეგების მიხედვით, შეიქმნა საოჯახო პაკეტები და დაზარალებულებს შესაბამისი კომპენსაციები ჩაერიცხათ.

"სტიქიის შედეგად დაზარალებული პირების სწავლის დაფინანსებას, უმაღლესი განათლების ყველა საფეხურზე, დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს. მომზადდა დასკვნა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი არეალების შესახებ, განხორციელდა და მიმდინარეობს მთელი რიგი საგზაო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები", - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიში ასევე მოიცავს თბილისის საცობებისგან განტვირთვის მიზნით ჩატარებულ, მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებს, მათ შორისაა - კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზა, აეროპორტის ხიდიდან ლოჭინის ხიდამდე დაგეგმილია გზის კაპიტალური შეკეთება, ასევე, მნიშვნელოვანია კახეთის გზატკეცილის თბილისის ზღვასთან დაკავშირება.

"დედაქალაქის მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესებისა და გამჭვირვალობის მიზნით განხორციელდა მთელი რიგი ცვლილებები, ამასთან, დამტკიცდა შიდა აუდიტის 2015-2017 წლების სტრატეგიული გეგმა, რაც სისტემის ფინანსური მართვისა და კონტროლის ეფექტურობას უზრუნველყოფს", - აღნიშნულია ანგარიშში.

დღევანდელ პრეზენტაციაზე მერიის სამსახურებისა და გამგეობების მიერ 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით წარმოებული სამუშაოები იყო წარმოდგენილი.