ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა. მშენებლობაზე დასაქმებული 40 წლის მამაკაცი 20 მეტრის სიმაღლის მშენებარე ხიდიდან გადმოვარდა და მძიმე დაზიანებების გამო, ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის, "სინოჰიდროს" იურისტმა ბადრი ღაღაიშვილმა განაცხადა, ვარდნის ადგილზე კონსტრუქცია დაზიანებული არ არის და რამ გამოიწვია მამაკაცის გადმოვარდნა, მისთვის უცნობია. მისივე განმარტებით, უსაფრთხოების წესები დაცული იყო და მამაკაცს დამცავი ჩაფხუტი ეხურა, ასევე ღვედი ეკეთა.

"ვარდნა მოხდა მშენებარე ხიდიდან. სინამდვილეში, რა მოხდა არ ვიცით. მიმდინარეობს გამოძიება და დადგინდება სიმართლე. კონსტრუქცია დაზიანებული არ არის ", - აღნიშნა ბადრი ღაღაიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. შემთხვევა გუშინ მოხდა.