რუსთავში, გარდაბანსა და მარნეულში წყალმომარაგების ტარიფის შემცირების გამო, კომპანია "რუსთავის წყალი" მართვის კრიზისულ რეჟიმზე გადადის

"რუსთავის წყლის" მენეჯმენტის განცხადებით, რუსთავში, გარდაბანსა და მარნეულში წყალმომარაგების ტარიფის 20%-ით შემცირების თაობაზე სემეკის გადაწყვეტილებით, კომპანიის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა. როგორც "რუსთავის წყალში" აცხადებენ, ტარიფის შემცირების გამო კომპანია მართვის კრიზისულ მეთოდზე გადადის. ამასთან, კომპანია სემეკის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

"რუსთავის წყალი" წამგებიანი ბიზნესი გახდა და ხარჯების მნიშვნელოვან შემცირებას იწყებს. კომპანია იძულებულია შეამციროს საავარიო ბრიგადებისა და კომპანიის პერსონალის რაოდენობა, ქსელების შეკეთების ხარჯები, სახელფასო ფონდი. ახლა უკვე წამგებიან კომპანიას მოუწევს, უარი თქვას არა მხოლოდ განვითარებაზე, არამედ ისეთ აუცილებელ პროექტებზე, როგორიცაა წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელების რეაბილიტაცია, გამრიცხველიანების პროექტი, აუცილებელი ტექნიკისა და აღჭურვილობის განახლება. კომპანიას ასევე შეექმნება ლიკვიდურობის პრობლემა კრედიტორებთან დროულ ანგარიშსწორებაში. პასუხისმგებლობა გაუარესებული შედეგების გამო სემეკს ეკისრება. კომპანიის მენჯმენტი ასევე მიიჩნევს, რომ სემეკის გადაწყვეტილება ხელს უშლის დარგის განვითარებას და აუარესებს საინვესტიციო გარემოს. "რუსთავის წყალი" სემეკის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს," - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.