კიევი, შესაძლოა, ფულისა და რუსული გაზის გარეშე დარჩეს

მსოფლიოს ბანკმა, შესაძლოა, უკრაინა ზამთარში გაზის გარეშე დატოვოს. ამის შესახებ რუსული მედია წერს. მსოფლიო ბანკის მიერ კიევისთვის მორიგი ფინანსური ტრანშის გადარიცხვის საკითხი კითხვითი ნიშნის ქვეშაა. საუბარია უკრაინისთვის 500 მილიონი დოლარის გადარიცხვაზე. თუ კიევმა მსოფლიოს ბანკისგან აღნიშნული თანხა ვერ მიიღო, მაშინ იგი ზამთრისთვის საკმარის ბუნებრივ აირს ვერ იყიდის.

ფინანსური დახმარების შეჩერების მიზეზს კიევის მიერ დაპირების არშესრულება წარმოადგენს. კერძოდ, როგორც მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები აცხადებენ, კიევმა საგადასახადო სისტემის რეფორმირება ვერ მოახერხა.

„ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისათვის 500 მილიონი დოლარის გამოყოფაზე, რაც „ნაფტოგაზს“ საშუალებას მისცემს, იყიდოს ბუნებრივი აირი ამ ზამთრისთვის. თუმცა, ვფიქრობ ჩვენი მცდელობა საფრთხის ქვეშაა, ვინაიდან 2016 წლის ბიუჯეტზე მუშაობისას უკრაინის მთავრობა ვერ აღწევს კონსენსუსს საგადასახადო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა უკრაინაში, ჩიმიაო ფანმა.

500 მილიონი დოლარი სავსებით საკმარისია უკრაინისათვის, რათა მან ზამთრისთვის 2 მილიარდზე მეტი კუბური მეტრის მოცულობის რუსული გაზი იყიდოს.