"თიბისი ბანკმა" 30 მლნ დოლარის ოდენობის სუბორდინირებული სესხი მიიღო

"თიბისი ბანკმა" 30 მლნ დოლარის ოდენობის სუბორდინირებული სესხი მიიღო. როგორც "თიბისი ბანკში" აცხადებენ , "თიბისი ბანკმა" ფონდებთან, European Fund for Southeast Europe (“EFSE”) და Green for Growth Fund (“GGF”) 30 მლნ დოლარის ოდენობის სუბორდინირებული სესხის მიღების შესახებ ხელშეკრულებები გააფორმა. როგორც ბანკში აცხადებენ, თითოეულმა ფონდმა "თიბისი ბანკს" 10 წლის ვადით, 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი გამოუყო, რაც მცირე და საშუალო ბიზნესსექტორისა და ენერგოპროექტების დაფინანსებას მოხმარდება.

"თიბისი ბანკი" საუკეთესო პარტნიორი ინსტიტუტია EFSE-სთვის მისი ფართო სამომხმარებლო ბაზისა და საუკეთესო პოზიციონირების გამო მცირე და საშუალო ბიზნესსეგმენტში. დარწმუნებული ვართ, რომ მიღებული ფინანსური რესურსით, "თიბისი ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის დაფინანსებას კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ სეგმენტის განვითარებაში," - აღნიშნა EFSE-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მონიკა ბექმა.

GGF -ის თავჯდომარემ ქრისტიფერ ნოულესმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ საქართველოს საბანკო სექტორში "თიბისი ბანკს" ძლიერი პოზიციები აქვს. შესაბამისად, ფიქრობს, რომ მათი თანამშრომლობა "თიბისი ბანკთან" საქართველოში განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

"მოხარული ვართ, რომ ასეთი მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს მოვაწერეთ ხელი. აღნიშნული რესურსი კიდევ უფრო გააძლიერებს "თიბისი ბანკის" მეორად კაპიტალს და მოგვცემს საშუალებას, განვაგრძოთ მცირე და საშუალო ბიზნესის აქტიური დაფინანსება მთელი საქართველოს მასშტაბით. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს, EFSE-ს და GGF -ს საუკეთესო თანამშრომლობისთვის და იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობა ასეთივე წარმატებით გაგრძელდება მომავალში", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

როგორც "თიბისი ბანკში" აცხადებენ, EFSE 2005 წელს, KFW-ს ინიციატივითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროსა (BMZ) და ევროკომისიის ფინანსური ხელშეწყობით შეიქმნა. მისი მიზანი აღმოსავლეთ ევროპასა და სხვა რეგიონში ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობაა. FSE ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებს მდგრადი დაფინანსების მოძიებაში უჭერს მხარს. კერძოდ, ენერგო ეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის პროექტებს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, თურქეთისა და აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლო რეგიონის ჩათვლით ძირითადად ფინანსური ინსტიტუტების საშუალებით აფინანსებს.