თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში კონტეინერების კონტროლის პროგრამა შეაჯამეს

თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში კონტეინერების კონტროლის პროგრამა შეაჯამეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში, 2012 წლის მაისში ფოთში და 2015 წლის აპრილში თბილისში, შეიქმნა კონტეინერების კონტროლის დანაყოფები, სადაც შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები ერთობლივად ახორციელებენ საქართველოში იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტულად გადაადგილებული ტვირთების კონტროლს.

როგორც შემოსავლების სამსახურში აღნიშნავენ, საქართველოში პროგრამის დანერგვისა და განვითარების მიზნით, ევროკავშირმა მთელი რიგი ღონისძიებები დააფინანსა.

"კერძოდ, ფოთისა და თბილისის ერთობლივი დანაყოფებისთვის შეიძინეს სპეციალური ეკიპირება, ტვირთისა და სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებისათვის საჭირო ხელსაწყოები, საშიში ქიმიური ნივთიერებების იდენტიფიცირების ორი მოწყობილობა (HazMat Device). დანაყოფის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ოცამდე სხვადასხვა სახის სწავლება - რისკების მართვის, დათვალიერების, ტექნიკის, ორმაგი დანიშნულების საქონლის კონტროლის, ნარკოტიკული საშუალებებისა და ქიმიური პრეკურსორების, ინტელექტუალური საკუთრებისა და სხვა საკითხებზე. სწავლებებს ატარებდნენ გაეროსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ მოწვეული ექსპერტები. ამასთან, რეგულარულად ხორციელდებოდა პროგრამის განვითარების მონიტორინგის მისიები. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს სასწავლო ვიზიტები ჰქონდათ ამერიკის შეერთებულ შტატებში, პაკისტანში, ნიდერლანდის სამეფოსა და ფინეთში.

მთლიანობაში, 2012 წლიდან, ევროკავშირის მიერ საქართველოში კონტეინერების კონტროლის პროგრამის განვითარებაზე მილიონ ევრომდე დაიხარჯა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ UNODC-ის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების უფროსი ტოფიკ მურშუდლი, პროგრამის რეგიონული კოორდინატორი ადამ ბაჩელერი, ასევე, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციიდან - პროგრამის კოორდინატორი ნორბერტ შტეილენი.

საპატიო სტუმართა შორის იყვნენ საქართველოში პროგრამის დონორი ქვეყნების (აშშ, გერმანია, იაპონია, კანადა, ნიდერლანდის სამეფო) საელჩოების წარმომადგენლები, ასევე, პროგრამის მონაწილე ქვეყნების (უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი) ელჩები.

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა.