ფულის გამომუშავების ყველაზე უჩვეულო ხერხები

რამდენიმე ხნის წინ, დიდ ბრიტანეთში, ფულის გამომუშავების ყველაზე უჩვეულო ხერხების ჩამონათვალი გამოაქვეყნეს. გამოცემის მთელი ტირაჟი რამდენიმე წუთში გაიყიდა. რამ დააინტერესა ასე ზედმეტად თავდაჭერილი ბრიტანელები?

ჩამონათვალში სულ 30 სახეობის უჩვეულო ბიზნესი შევიდა. მათ შორის ყველაზე ძველი 55 წლისაა.

1960-იან წლებში ჩიკაგოს სადგურზე ქალისა და მამაკაცის გამოსახულების ავტომატები დადგეს. ისინი ”ცალხელა ბანდიტები” როდი იყვნენ, მათ სულ სხვა დანიშნულება ჰქონდათ. ავტომატში მსურველი ხურდა ფულს აგდებდა, ის კი ხელს უწვდიდა და ეუბნებოდა: ”გამარჯობა, მეგობარო! სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებ!”. მარტოხელა მგზავრები სიამოვნებით სარგებლობდნენ ავტომატური მეგობრების მომსახურებით. მომხმარებლებმა მწარმოებლებს თხოვნითაც კი მიმართეს, რომ ავტომატი უფრო ადამიანური გაეხადათ და არა მხოლოდ ხელის ჩამორთმევა, არამედ გამოსამშვიდობებლად ჩახუტებაც შეძლებოდათ.

უჩვეულო ბიზნესის გერმანული მაგალითი კი ასეთია. რობერტ პოტმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ქალაქ ვუპერტალის დასუფთავების სამსახურს ხელმძღვანელობდა, გადაწყვიტა მცირე ბიზნესი წამოეწყო. გახსნა მუზეუმი, სადაც დამთვალიერებელს შეეძლო ”ნაგავს” გაცნობოდა. ექსპოზიციას ”საგანძური ნაგვის სათლიდან” ეწოდებოდა. ექსპონატებს შორის, რომლებიც ნაგავსაყრელზე შეგროვდა, შუასაუკუნეების ძვირფასი ხელნაწერები, უნიკალური ნახატები, ძველებური უცხო საათები და სხვა ღირებული ანტიკვარიატი აღმოჩნდა. დღესდღეობით, ეს ადგილი ერთ-ერთ ორიგინალურ მუზეუმად ითვლება და მას უამრავი ადამიანი სტუმრობს. მისი მფლობელი კი გამდიდრდა.

ნიუ-იორკელი ელიას ფერგიუსონიც ნაგვის მეშვეობით გამდიდრდა. მას 100 ათასი იშვიათი ძველი გაზეთი დაუგროვდა კოლექციაში. ფერგიუსონი გაკოტრდა და უსახლკაროდ დარჩა. ღირებული კოლექცია ვერ გაყიდა და სწორედ მაშინ გაუჩნდა იდეა, შეეწებებინა გაზეთები და მათგან ქოხი აეშენებინა. საბედნიეროდ, ზაფხული და მშრალი ამინდები იყო. ქაღალდის სახლთან ცნობისმოყვარეები მოდიოდნენ, ერთხელ კი ტურისტებით სავსე ავტობუსი გაჩერდა. მაშინ ფერგიუსონმა დიდი განცხადება გამოაკრა: ”ტურისტული ობიექტი. XX საუკუნის დასაწყისის გაზეთებისგან აგებული სახლი. დათვალიერება - ერთი დოლარი.” საქმე გაიჩარხა - სახლს უამრავი ტურისტი სტუმრობდა. მაგრამ ”მშენებელი” ცას გაჰყურებდა ხშირად, წვიმას ხომ არ აპირებსო. შემდეგ კი ტენტი გააკეთა გამჭვირვალე საფარისგან და ბიზნესმა აყვავება განაგრძო. ამჟამად ფერგიუსონს უამრავი ძვირფასი და ლამაზი სახლი აქვს.

ბრიტანელმა ფსიქოლოგმა როჯერ გრეიმ კი ფული ”ცრემლის ბიზნესით” იშოვა. მან საყოველთაოდ განაცხადა: მამაკაცის სიცოცხლის ხანგრძლივობა ქალისაზე ნაკლები მარტივი მიზეზის გამო არის - მამაკაცები გრძნობებს საკუთარ თავში იკლავენ და არ ტირიან ისე ხშირად, როგორც ქალებიო. მზრუნველმა გრეიმ სპეციალური ფასიანი კურსები დააარსა, სადაც მამაკაცებს ტირილს ასწავლის.

დაბოლოს, წინდახედული კაიროელი არქეოლოგების შესახებ, რომლებმაც IV საუკუნის თიხის ფირფიტა აღმოაჩინეს, სადაც ძალიან იშვიათი სახის კრემის რეცეპტი იყო აღწერილი. კრემით ძველი ეგვიპტის სახელოვანი ქალბატონები, მათ შორის კლეოპატრა სარგებლობდა. არქეოლოგები არ დაიბნნენ და კრემის სერიული წარმოება დაიწყეს. წარმატებამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. დღესდღეობით კაიროს არქეოლოგები მიწაში აღარ იქექებიან, მათ უკვე იპოვეს განძი, რომელიც მთელ დარჩენილ ცხოვრებას უზრუნველჰყოფს.

დუდანა ზაქარაია