რამდენი მღვდელმსახურია საქართველოს ეკლესიაში და აფინანსებს თუ არა მათ საპატრიარქოს ბიუჯეტი?

რამდენი მღვდელმსახურია საქართველოში, აქვთ თუ არა სასულიერო პირებს შემოსავალი და რაში იხარჯება სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გამოყოფილი ბიუჯეტი, ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად AMBEBI.GE საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანს, მამა მიქაელ ბოტკოველს ესაუბრა:

- ზუსტი სტატისტიკა არ გვაქვს, სავარაუდოდ, ალბათ 2 000-მდე მღვდელმსახურია, 1 000-მდე ბერი და 500-მდე მონაზონი. ეს არის სავარაუდო ციფრები, რადგან ზუსტი მონაცემი არ გვაქვს.

- საიდან ფინანსდებიან სასულიერო პირები? რა წარმოადგენს მათ საარსებო საშუალებას?

- მოძღვრებისთვის შემოსავალი არის ის შემოწირულობა, რომელსაც მრევლი გადაუხდის მღვდელმსახურების შესრულებაში, იქნება ეს ნათლობა, ჯვრისწერა, პანაშვიდი, წესის აგება და ა.შ. რასაც შესაწირის ყუთში შეწირავენ, ის არის სასულიერო პირის შემოსავალი. საპატრიარქოს ბიუჯეტიდან არც ერთი მღვდელმსახური არ ფინანსდება, რადგანაც ეს არ არის ნორმა. ეკლესიაში სასულიერო პირები თანხას ჩვეულებრივ შესაწირიდან იღებენ.

- საზოგადოებაში ხშირად უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტი, რომ საპატრიარქოს ბიუჯეტი ყოველ წელს იზრდება, როგორ ნაწილდება ეს თანხები?

- თანხა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის დასაფინანსებლად გამოიყოფა, არის ერთგვარი კომპენსაცია იმ ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც წინა ხელისუფლების დროს, ანუ ბოლშევიკური მმართველობის პერიოდში სახელმწიფოსგან ეკლესიას მიადგა, ვგულისხმობ 20-იან წლებს, როდესაც ბოლშევიკურმა რეჟიმმა ეკლესიები პრაქტიკულად დააცარიელა.

ეს ნორმა არსებობს არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყნებში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც ასეა, გამოყოფილია გარკვეული თანხა, რომელსაც საკომპენსაციოდ ეკლესიას უხდიან, რადგანაც ის ხელისუფლება, რომელიც დღეს არის, რა თქმა უნდა, იმ სახელმწიფოს სამართალმემკვიდრეა, რომლის დროსაც ეკლესიამ მატერიალური ზარალი მიიღო. აქედან გამომდინარე, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ხმარდება საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს და ძალიან მცირე ნაწილი სოციალურ მიმართულებებს. რადგანაც ჩვენ მომავალს ვხედავთ სასულიერო პირების აღზრდაში, სასკოლო დაწესებულებების შექმნაში, სადაც ჩვენი ახალგაზრდები მიიღებენ შესაბამის განათლებას, ეს თანხა მთლიანად აქეთკენ არის მიმართული. ამ თანხიდან სასულიერო პირები, როგორც ასეთი, ხელფასს არ იღებენ.

თეა ბეჟიტაშვილი

წაიკითხეთ ვრცლად AMBEBI.GE-ზე