1 კვირის განმავლობაში 1კგ თხილი 3 ლარით გაიაფდა და შემდეგ 1,5 ლარით გაძვირდა

თხილის ბიზნესში უმართავი სიტუაციაა

თხილის ფასი თითქმის ყოველდღიურად იცვლება. როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, წინა კვირას თხილი ერთბაშად 3 ლარით გაიაფდა, თუმცა ორ-სამ დღეში ფასმა დაახლოებით 1,5 ლარით მოიმატა. ერთ-ერთი ვერსიით, თხილის გაიაფება მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება. იმპორტიორების ინფორმაციით, ფასზე გავლენა ხარისხმაც მოახდინა, რადგან მოგება 30-33%-ით შეუმცირდათ.

ერთი კვირის წინ 1 კგ პროდუქტის ყიდვა 8,70 ლარად შეიძლებოდა, თუმცა ორიოდე დღის წინ ფასი ერთბაშად 3-3,50 ლარით შემცირდა და 5,50 ლარამდე ჩამოვიდა. დღეის მდგომარეობით, დასავლეთ საქართველოში თხილი 6,30 ლარი ღირს, ხოლო გალში ხალხი თხილს 5 ლარზე ძვირად ვერ ყიდის. ამის მიზეზი ტრანსპორტირების გაზრდილი ხარჯია. ადგილობრივების ინფორმაციით, საზღვრიდან 1 კგ პროდუქტის გატანაში მესაზღვრეები დამატებით 1 ლარს ითხოვენ, რის გამოც ადგილზე თხილი, საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, იაფია.

ზუგდიდში მდებარე თხილის ჩამბარებელ პუნქტებში აცხადებენ, რომ პროდუქტის ფასი სამომავლოდ შეიცვლება, მაგრამ მაქსიმალური ღირებულება 9-10 ლარს არ გადააჭარბებს. შარშან ამ დროს თხილი 12 ლარი ღირდა. მაღალი ფასის გამო ხალხი მოსავალზე დიდ იმედს ამყარებდა, ამიტომ სეზონის დასაწყისში, როცა ფასი გაცილებით მეტი იყო, გაყიდვისგან თითქმის ყველამ თავი შეიკავა.

თხილის გადამყიდველები ამბობენ, რომ ხარისხთან დაკავშირებული პრობლემის მიუხედავად, დიდია დაინტერესება თურქების მხრიდან. მეტიც, თითქმის ყველა ქარხნის უკან დგანან თურქი მოვაჭრეები, რომელიც ქართულ თხილს იაფად ყიდულობენ და დიდი მოგებით გააქვთ ექსპორტზე. თუმცა ამ ეტაპზე დაინტერესება თურქებმაც შეამცირეს. ინდმეწარმე ლადო გერგედავას ინფორმაციით, ნედლეულზე მოთხოვნა თითქმის აღარ არის და თხილის გული არ გააქვთ, რამაც ფასი ერთბაშად ”დააგდო”.

”თხილის რეალიზაციაც და ფასიც შემცირებულია. სიიაფის გამო მოსახლეობა თავს მაქსიმალურად იკავებს და მარაგის გადანახვას ცდილობს. ხალხს იმედი აქვს, რომ ფასი მოიმატებს. ქარხნები მინიმალური რაოდენობით ვიბარებთ. დღეში, საშუალოდ, თითო ქარხანა 4-5 ტონამდე თხილს ყიდულობს, როცა სხვა პერიოდში ეს მაჩვენებელი 40-50 ათას ტონამდეა. გადამყიდველებს კი ყოველდღიურად 1 ტონა თხილის შესყიდვაც უჭირთ.

ინტერესი დიდია თურქების მხრიდანაც. ბოლო დროს ისინი მრავლად არიან ზუგდიდში, თითქმის ყველა ქარხნის უკან თურქები დგანან. ეს აქ არავისთვის არის უცხო. გვეგონა, მათი გამოჩენა პროდუქტს გააძვირებდა, მაგრამ პირიქით მოხდა, ფაქტობრივად, უმართავი სიტუაციაა”, - ამბობს ლადო გერგედავა.

ერთ-ერთი ჩამბარებელი პუნქტის თანამშრომელი ნოდარ ხორავა ამბობს, რომ წლევანდელი მოსავალი უხარისხოა, რის გამოც მოგება 33%-ითაა შემცირებული.

”ამ პერიოდში თხილი თითქმის არსად გადის. ასე პერიოდულად ხდება ხოლმე. იმედი გვაქვს, სიტუაცია გამოსწორდება. მცირე ოდენობით თხილს მაინც ვყიდულობთ. არც მოსახლეობაა დაინტერესებული. თუ უკიდურესი აუცილებლობა არ არის, გასაყიდად ვერ იმეტებენ. იმედი აქვთ, რომ გაძვირდება, რასაც ნაკლებად ველოდები. ყველაზე მეტი შეიძლება 8-9 ლარი გახდეს, საუკეთესო მომენტში 10 ლარამდე მოიმატოს ფასმა. ამ მაჩვენებელს არაფრით გადააჭარბებს.

მოსავალი უხარისხოა, ამიტომ მოგებაც მცირე გვრჩება. წესით, 100 კგ თხილიდან 40 კგ ნედლეულის მოპოვება შეიძლება. თხილის გულს ვგულისხმობ. თუმცა, დაბალი ხარისხის გამო, 35-33 კგ-ზე მეტი არაა. ეს მაშინ, როცა მოსავალი თურქეთში ძალიან დიდია და ხარისხითაც გამოირჩევა”, - ამბობს ხორავა.

დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა თხილის ფასით უკმაყოფილოა. ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრი გრიშა თოთუა ამბობს, რომ მათი კეთილდღეობა თხილის მოსავალზე გახდა დამოკიდებული. ეს ძირითადი პროდუქტია, რის იმედიც ადგილობრივებს ყველაზე მეტად აქვთ.

”მუდმივად ვაკვირდები, როდის რა ღირს თხილი და რისი იმედი უნდა მქონდეს სამომავლოდ. იმედი გვაქვს, ფასი მოიმატებს. არ შეიძლება წლის ბოლოს თხილი ასე იაფი ღირდეს. წარმომიდგენია, რა სიმწრით ყიდის ხალხი. იძულებული არიან 2-2 კილოგრამობით გაყიდონ, რომ პური მიიტანონ სახლში. შვებით ამოვისუნთქებთ, თუკი ფასი აიწევს. ცოტაც დაფნა და ციტრუსი დაემატება და მეტი შესაძლებლობა გაგვიჩნდება”, - ამბობს ხობელი გლეხი.

ზუგდიდელი ფერმერი კოლხი ბიგვავა ამბობს, რომ თხილს არ ყიდის, რადგან იაფია, მაგრამ შენახვაც აშინებს.

”გამოუვალ სიტუაციაში აღმოვჩნდი. 2 ტონა თხილი მოვიწიე და ვერ გადამიწყვეტია, რა მოვუხერხო. იაფი ღირს და ვერ ველევი, მაგრამ არც ის ვიცი, გაძვირდება თუ არა სამომავლოდ. გაუგონარი მდგომარეობაა, თხილის ფასი თითქმის საათობრივად იცვლება. გუშინ დილიდან 6,50 ლარად იბარებნენ, მაგრამ შუადღისთვის 6,20 ლარამდე ჩამოვიდა. 2 დღის წინ კი 5 ლარზე ძვირად არავინ იბარებდა.

ცხადია, ეს არ არის ფასი, რის მოლოდინიც მოსახლეობას ჰქონდა. ხალხს იმდენად გაუჭირდა, რომ 4-5 კილოგრამი მოაქვთ ჩასაბარებლად, რომ აღებული თანხით საჭმელი იყიდონ. გაჭირვება რომ არა, ამ ფასად თხილს არავინ გაყიდდა”, - ამბობს მეგრელი გლეხი.

რაც შეეხება საერთაშორისო ბაზრებს, ევროპაში 1 კგ ქართული თხილის ფასი 8-10 დოლარის ფარგლებშია. გაცილებით ძვირი - 12-15 დოლარი ღირს თურქული, იტალიური და სხვა წარმოშობის თხილი. ექსპორტიორების განცხადებით, ევროპაში ქართული თხილის ცნობადობა ჯერ კიდევ დაბალია, რაც ჩვენი პროდუქტის სიიაფეს განაპირობებს.

მართალია, ქართული თხილის გასაღების ძირითადი ბაზარი ევროკავშირია (თხილის დიდი ნაწარმი გადის იტალიასა და გერმანიაში), მაგრამ მისი ცნობადობა მსოფლიო ბაზარზე არც ისე მაღალია. გარდა ამისა, საჭიროა, რომ ქართული თხილი შეესაბამებოდეს ევროპის ბაზრის მკაცრად გაწერილ სტანდარტებს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის მისაღწევად და დარგის პოტენციალის გასავითარებლად კი საჭიროა საეხელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა, რათა ამაღლდეს ქართული თხილის ცნობადობა და მოიძებნოს გასაღების სტაბილური ბაზრები.

მარი ჩიტაია

გაზეთი ”რეზონანსი