მართვის მოწმობის უგამოცდოდ აღებაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვისი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე კახაბერ ტყებუჩავა დააკავა.

როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა იცრუა და ერთ-ერთ მოქალაქეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლად გაეცნო, რის შემდეგაც დაჰპირდა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის უგამოცდოდ აღებაში დაეხმარებოდა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, აღნიშნულის სანაცვლოდ, კახაბერ ტყებუჩავამ დაზარალებულ მოქალაქეს მოტყუებით გამოართვა 1 200 აშშ დოლარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.