სემეკმა მოქალაქეებს 197 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მოქალაქეებს 197 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა. შესაბამისი გადაწყვეტილება სემეკ-ის დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული, რის შესახებაც "ინტერპრესნიუსს" ინფორმაცია თავად კომისიამ მიაწოდა.

"საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საჯარო სხდომაზე, მოქალაქეებს კომპანიების მხრიდან უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები და ხანდაზმული დავალიანებები ჩამოაწერა. კომისიის გადაწყვეტილებით ჩამოწერილი თანხების ოდენობამ ჯამში 197 689 ლარი შეადგინა", - აცხადებენ სემეკ-ში.

კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.

"მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 242 01 80, ასევე facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც", - განმარტავენ კომისიაში.