მიმდინარე წელს ყველაზე მეტი შემოწირულობა "ქართულმა ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ" მიიღო

პოლიტიკურმა პარტიებმა მიმდინარე წლის განმავლობაში ჯამში 1 409 319 ლარის შემოწირულობა მიიღეს. როგორც პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურში განაცხადეს, აქედან ყველაზე მეტი შემოწირულობა – 536 355 ლარი პარტია "ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოზე" მოდის. მათივე ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ მიღებული შემოწირულობიდან 526 000 ლარი ფულადი, 10 095 ლარი კი არაფულადი შემოწირულობაა.

1-ელი იანვრიდან დღემდე მიღებული შემოწირულობის თვალსაზრისით, პარტიებს შორის 279 710 ლარით მეორე ადგილზე - "თავისუფალი დემოკრატები," 260 240 ლარით მესამეზე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა".

რაც შეეხება სხვა პოლიტიკური ძალების მიერ წლის განმავლობაში მიღებულ შემოწირულობებს, ასე გამოიყურება: "პატრიოტთა ალიანსი" – 171 170 ლარი, "დევნილთა პარტია" – 52 151 ლარი, "თავისუფალი საქართველო" – 34 546 ლარი, "რესპუბლიკური პარტია" – 29 368 ლარი (აქედან 27 988 ლარი საწევროა), "ქრისტიან-კონსერვატიული პარტია" – 23 360 ლარი, "ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია" – 14 120 ლარი, პარტია "განახლებული საქართველოსთვის" – 2 875 ლარი, "კონსერვატიული პარტია" – 1 320 ლარი, "ხალხის პარტია" – 1 135 ლარი, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" – 1 107 ლარი, "ქართული პარტია" – 1 000 ლარი, "ქართული დასი" – 861 ლარი.

პარტიების მიერ ჯამურად მიღებული შემოწირულობიდან – 1 409 319 ლარიდან 1 341 031 ლარი ფულადი, 39 965 ლარი არაფულადი, 28 323 ლარი კი საწევროა.