კალაძემ და მილერმა ირანიდან, საქართველოს გავლით, სომხეთისთვის გაზის მიწოდების საკითხიც განიხილეს

"გაზპრომი" და ირანი სომხეთში გაზის მიწოდების მიზნით გაცვლითი ოპერაციების საკითხზე მუშაობენ. სააგენტო "იტარ-ტასის" ცნობით, ამის შესახებ "გაზპრომის" ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან შეხვედრის შეჯამებისას განაცხადა.

"დიახ, ამ თემას შევეხეთ. ამ დროისთვის ჩვენ ჩვენს ირანელ კოლეგებთან გაცვლითი ოპერაციების საკითხებს ვამუშავებთ", - განაცხადა მილერმა იმ კითხვის საპასუხოდ, განიხილეს თუ არა ირანიდან, საქართველოს ტერიტორიის გავლით, სომხეთისთვის გაზის მიწოდების საკითხი.

კახა კალაძისა და ალექსეი მილერის მორიგი შეხვედრა გუშინ ლუქსემბურგში გაიმართა. მხარეებმა გაზის ტრანზიტისა და კომერციულ მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.