რესპუბლიკურმა და კონსერვატიულმა პარტიებმა მხოლოდ 1 300 ლარის შემოწირულობა მიიღეს

2015 წელს, მმართველ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალმა რესპუბლიკურმა და კონსერვატიულმა პარტიებმა შემოწირულობის სახით მხოლოდ 1 300 ლარი მიიღეს.

უფრო კონკრეტულად, როგორც პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურში განაცხადეს, რესპუბლიკურ პარტიას 1 380 ლარი, კონსერვატიულ პარტიას კი – 1 320 ლარი შესწირეს. აღსანიშნავია, რომ "რესპუბლიკელების" ანგარიშზე საერთო ჯამში 29 368 ლარია დარიცხული, თუმცა აქედან 27 988 ლარი საწევრო გადასახადია.

რაც შეეხება მმართველ კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებს, 536 355 ლარის შემოწირულობა აქვს მიღებული "ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს", "მრეწველებსა" და "ეროვნულ ფორუმს" კი შემოწირულობა საერთოდ არ მიუღიათ. მონაცემები, რომლებიც "ინტერპრესნიუსს" პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა მიაწოდა, მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან დღეის – 9 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ ინფორმაციას მოიცავს.