ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო Hardware&arts hackathon-ს მართავს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო პირველად საქართველოში Hardware&arts hackathon-ს ატარებს, რომელიც 11-13 დეკემბერს მშენებარე ტექნოპარკში გაიმართება.

როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში აცხადებენ, პროექტს სააგენტო და ესტონური ჯგუფი Garage-48 ჩაატარებენ, რომელიც საქართველოში ინოვაციით ბრუნდება. მათ გამოცდილებას ჰაკათონებში საქართველოში უკვე სხვა მიმართულებით გაიზიარებენ.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტი განკუთვნილია მონაწილისთვის, რომელიც დაინტერესებულია შემდეგი სფეროებით - ელექტრონიკა, მხატვრობა, დიზაინი, მარკეტინგი, ასევე ელექტრო კომპიუტერული და სისტემური დიზაინის მექანიკის მიმართულება.

"მონაწილეები პირველ ეტაპზე დაიყოფიან გუნდებად, სადაც სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელი მოიყრის თავს და შეუდგებიან იდეების გენერირებას. მონაწილეთათვის განკუთვნილია ყველა სამუშაო მასალა, რომელიც შეიძლება საჭირო იყოს hardware-ის გასაკეთებლად", - ნათქვამია განცხადებაში.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ცნობით, პროექტი Hardware&arts hackathon ხელს უწყობს მონაწილეებს, მოსინჯონ ძალები და საკუთარი იდეები რეალურად განახორციელონ. გუნდებს გამოცდილებას პროფესიონალი მენტორები გაუზიარებენ, როგორც საქართველოდან, ისე ესტონეთიდან.

"სააგენტო მონაწილეობს კერძო და სახელმწიფო სექტორის მიერ ცოდნის, ინოვაციების და კვლევის შედეგების კომერციალიზაციისა და ინოვაციური მეწარმეობის ხელშეწყობაში. სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საინფორმაციო საზოგადოების ფორმირებისთვის აუცილებელი პროექტებისა და პროგრამების სახელმწიფო ერთიანი პოლიტიკის განხორციელების წარმართვა და კორდინირება. პროექტი Hardware&arts hackathon ხელს შეუწყობს ახალი ტექნოლოგიური პროდუქტის გაჩენას საქართველოს ბაზარზე. ჰაკათონი არის პლატფორმა საერთო ინტერესების მქონე, მულტიდისციპლინარული გამოცდილების ადამიანების დასაკავშირებლად, რაც ხშირ შემთხვევაში ახალი კომპანიების შექმნაში გადაიზრდება და განსხვავებული იდეების მიღების საშუალებას იძლევა", - ნათქვამია განცხადებაში.