საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია - საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკას ცალსახად ვუჭერთ მხარს

მნიშვნელოვანია, რომ საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია დარჩეს დამოუკიდებელი პოლიტიკური და დარგობრივი ჩარევებისგან და მაღალი ხარისხით განხორციელდეს, - ამის ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდში აცხადებენ, მისია მარკ გრიფითსის ხელმძღვანელობით, სსფ-ის სარეზერვო დაფინანსების პროგრამის მეორე და მესამე მიმოხილვის ფორმატში დისკუსიების გასამართად თბილისში 9-21 ნოემბერს იმყოფებოდა.

როგორც მარკ გრიფითსი აცხადებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკას ცალსახად უჭერს მხარს, რომელიც ლარის მცურავ რეჟიმში შენარჩუნებას და სავალუტო ინტერვენციების მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, განსაკუთრებული სავალუტო რყევების დროს გამოყენებას გულისხმობს.

"სავარაუდოდ, გრძელვადიანი საგარეო შოკებისას ინტერვენციები წარუმატებელი იქნებოდა და მხოლოდ სავალუტო რეზერვების განიავებას გამოიწვევდა. გაცვლითი კურსის გაუფასურებამ საგარეო შოკები შეარბილა იმპორტის შემცირების, ადგილობრივი მწარმოებლების კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და ფულადი გზავნილების ღირებულების დაცვის სახით. დასასრულს, საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა ფასების სტაბილურობაა, რაც მცურავ გაცვლით კურსს მოითხოვს. იმისათვის რომ შეძლოს ამ მიზნის მიღწევა და ფინანსური სტაბილურობის დაცვა, საქართველოს ეროვნულ ბანკს სრული საოპერაციო დამოუკიდებლობა უნდა ჰქონდეს. ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებას ელოდება კანონზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკისგან საბანკო ზედამხედველობას მიჯნავს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ფუნქცია დარჩეს დამოუკიდებელი პოლიტიკური და დარგობრივი ჩარევებისგან და მაღალი ხარისხით განხორციელდეს", - აცხადებს გრიფითსი. მისივე თქმით, მომდევნო კვირების განმავლობაში მისია ხელისუფლებასთან განზრახულობათა წერილის დასასრულებლად იმუშავებს.

"მისიამ და ხელისუფლებამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს ეკონომისტების დონეზე შეთანხმების მისაღწევად მეორე და მესამე მიმოხილვის ფარგლებში. მომდევნო კვირების განმავლობაში მისია იმუშავებს ხელისუფლებასთან განზრახულობათა წერილის დასასრულებლად, რაც მოითხოვს შეთანხმებას საბანკო ზედამხედველობის დამოუკიდებლობის შენარჩუნების სტრატეგიაზე, სავალუტო რეზერვების საკმარისი დონის უზრუნველყოფაზე, სახელმწიფო ვალდებულებების მართვისა და განსაჯაროების ფორმატის გაუმჯობესებაზე, ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის სტრუქტურულ რეფორმებზე. ამ დასკვნითი განხილვების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სსფ-ს მიმდინარე პროგრამის მეორე და მესამე მიმოხილვა 2016 წლის დასაწყისში დასრულდება", - აცხადებს გრიფითსი.

მისია მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მთავრობის სხვა წევრებსა და ქვეყნის ეროვნულ ბანკს "ღია და კონსტრუქციული დისკუსიებისთვის".