ლუკა კურტანიძის ინფორმაციით, 20 წლის წინ გარდაცვლილი პოლიციელების ოჯახებს 1000-ლარიანი დახმარება დაენიშნათ

დეპუტატ ლუკა კურტანიძის ინფორმაციით, დაღუპული პოლიციელების ოჯახების დახმარების მიზნით დაწესებული 1000 ლარი იმ პოლიციელთა ოჯახებმაც მიიღეს, რომლებიც წლების წინ დაიღუპნენ. კურტანიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყვარელში, 1995 წელს სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპულ ოთხ პოლიციელზე ისაუბრა.

"საფუძველი ჩაეყარა კეთილ წამოწყებას – სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციის თანაშრომლების ოჯახებისთვის დახმარების გაწევა მოხდება. საუბარი მაქვს კონკრეტულად ყვარლის საქმეზე, რომელიც 1995 წელს მოხდა და სადაც ოთხი პოლიციელი დაიღუპა. ამ ადამიანების ისტორია დაიკარგა, მაგრამ შინაგან სამინისტროს უშუალო ჩარევით და ქმედებით საკითხი წამოიწია. მათი ოჯახის წევრები უზრუნველყოფილი იქნებიან ყოველთვიური დახმარებით - 1000 ლარის ოდენობით. სწორედ ამ ოჯახების ტკივილი მოვიდა ჩვენამდე და უსწრაფესად იქნა მოგვარებული მათი პრობლემები", - განაცხადა კურტანიძემ პარლამენტის სხდომაზე.