სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარტიების 12 შემომწირველ პირს უწყებაში იბარებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარტიების 12 შემომწირველ ფიზიკურ პირს გამოკითხვაზე დაიბარებს. როგორც პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ზურაბ აზნაურაშვილმა განაცხადა, პოლიტიკური ძალების ანგარიშებზე განხორციელებულ 12 შემოწირულობასთან დაკავშირებით, რომლის ჯამური რაოდენობა 200 ათას ლარს შეადგენს, "დამატებითი მონაცემების მოძიების აუცილებლობა გამოიკვეთა".

"სახელმწიფო აუდიტის სამსახური წლის განმავლობაში პერიოდულად ახორციელებდა პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობების შესწავლას. ჯამში საეჭვოდ იქნა მიჩნეული და ინფორმაცია მოვიძიეთ 40-მდე შემომწირველის შესახებ. შემოსავლების სამსახურიდან მიღებული და სხვადასხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით, დამატებითი მონაცემების მოძიების აუცილებლობა გამოიკვეთა 12 შემომწირველთან დაკავშირებით. მონიტორინგის სამსახური მომავალ კვირაში გეგმავს აღნიშნული პირების გამოკითვაზე დაბარებას, რათა მათ წარმოადგინონ შემოწირულობის წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია", - განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.

პოლიტიკურმა პარტიებმა მიმდინარე წლის განმავლობაში ჯამში 1 409 319 ლარის შემოწირულობა მიიღეს. აქედან ყველაზე მეტი შემოწირულობა – 536 355 ლარი პარტია "ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოზე" მოდის. მმართველი პარტიის მიერ მიღებული შემოწირულობიდან 526 000 ლარი ფულადი, 10 095 ლარი კი არაფულადი შემოწირულობაა. 1-ელი იანვრიდან დღემდე მიღებული შემოწირულობის თვალსაზრისით პარტიებს შორის 279 710 ლარით მეორე ადგილზე - "თავისუფალი დემოკრატები," 260 240 ლარით მესამეზე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა".

რაც შეეხება სხვა პოლიტიკური ძალების მიერ წლის განმავლობაში მიღებულ შემოწირულობებს, ასე გამოიყურება: "პატრიოტთა ალიანსი" – 171 170 ლარი, "დევნილთა პარტია" – 52 151 ლარი, "თავისუფალი საქართველო" – 34 546 ლარი, "რესპუბლიკური პარტია" – 29 368 ლარი (27 988 ლარი საწევრო გადასახადია), "ქრისტიან-კონსერვატიული პარტია" – 23 360 ლარი, "ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია" – 14 120 ლარი, პარტია "განახლებული საქართველოსთვის" – 2 875 ლარი, "კონსერვატიული პარტია" – 1 320 ლარი, "ხალხის პარტია" – 1 135 ლარი, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" – 1 107 ლარი, "ქართული პარტია" – 1 000 ლარი, "ქართული დასი" – 861 ლარი.

პარტიების მიერ ჯამურად მიღებული შემოწირულობიდან – 1 409 319 ლარიდან 1 341 031 ლარი ფულადი, 39 965 ლარი არაფულადი, 28 323 ლარი კი საწევროა.