"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" - თბილისის და ქვემო ქართლის რეგიონალური ქსელები ზამთრის სეზონს მომზადებული ხვდებიან

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მენეჯმენტმა, რეგიონალური ქსელების ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებთან წლის შემაჯამებელი შეხვედრები დაიწყო. 8 დეკემბერს სსე-ს მმართველთა საბჭო სულხან ზუმბურიძის ხელმძღვანელობით, თბილისისა და ქვემო ქართლის რეგიონალურ ქსელებს ეწვია.

როგორც "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში" აცხადებენ, თბილისის რეგიონალური ქსელის ხელმძღვანელმა დავით ლაგრაძემ და ქვემო ქართლის რეგიონალური ქსელის ხელმძღვანელმა გელა კეზუამ 2015 წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარადგინეს. ისაუბრეს განხორციელებული პროექტების შესახებ და აღნიშნეს, რომ თბილისის და ქვემო ქართლის რეგიონალური ქსელები ზამთრის სეზონს მაქსიმალურად მომზადებული ხვდებიან, ყველაფერი გაკეთდა ქსელებში ავარიების რიცხვის შესამცირებლად და ფორსმაჟორის შემთხვევაში დაზიანების კერის უმოკლეს ვადაში აღმოსაფხვრელად.

მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ შეხვედრის მონაწილე თანამშრომლებს გააცნო კომპანიაში განხორციელებული სამუშაოები, მიღწეული წარმატებები და ესაუბრა სამომავლოდ დასახულ გეგმებზე. სულხან ზუმბურიძის თქმით, ყველაფერი კეთება კომპანიის მასშტაბით თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით, იმისთვის, რომ საქართველოს ენერგოქსელი უფრო მეტად მდგრადი და საიმედო იყოს, ასევე იმისთვის, რომ თანამშრომელთა უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული და მათ დაკისრებული სამუშაოს შესრულება უსაფრთხო, მოხერხებულ და კომფორტულ გარემოში უწევდეთ.

სსე-ს მენეჯმენტმა რეგიონალური ქსელების გარდა დაათვალიერა ქვესადგურები: "გლდანი 220", "დიდუბე 220", "რუსთავი 220", "მარნეული 220", მშენებარე ქვესადგური "მარნეული 500" და აღნიშნულ ქვესადგურებში განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოები.

კომპანიის მენეჯმენტის მსგავსი შეხვედრა თანამშრომლებთან სათაო ოფისსა და ყველა რეგიონალურ ქსელშია დაგეგმილი.