გარკვეულ სუბიექტებს საგადასახადო შეღავათის ვადა 2018 წლამდე უგრძელდება

გარკვეული სუბიექტებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათის ვადა ორი წლით გრძელდება. ამას საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელსაც მთავრობის ინიციატივით პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

კერძოდ, 2018 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდება საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება იმ ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც ბაზრობის ტერიტორიაზე საქმიანობენ.

გადავადდება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი ფიზიკური პირისათვის, რომელიც საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას ახორციელებს.

ასევე ხორციელდება თამბაქოს ნედლეულისათვის იმპორტის გადასახადზე დაწესებული საგადასახადო შეღავათის ვადის გაგრძელება - 2018 წლის 1-ელ იანვრამდე.