ინვესტიციები შემცირდა, მთავარი დამნაშავე კალაძის უწყებაა

ენერგეტიკასა და დამამუშავებელ მრეწველობაში ინვესტიციები მცირდება. ეს ის დარგებია, რომელზედაც უცხოური კაპიტალის მოზიდვის თვალსაზრისით, მთავრობა ყველაზე მეტ იმედს ამყარებდა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მთლიანობაში, სამ კვარტალში 1 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა. ეს მაჩვენებელი 17%-ით ჩამორჩება შარშანდელ მაჩვენებელს და 92%-ით აღემატება შარშანწინდელს.

წინასწარი სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წლის მე-3 კვარტალში 489 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის მე-3 კვარტალის დაზუსტებულ მონაცემზე 33%-ით ნაკლებია. სამ კვარტალში საქართველოში ინვესტორებმა 1,019 მილიარდი დოლარი დააბანდეს, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 17%-ით ნაკლებია. ამჯერად უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნებია: აზერბაიჯანი (საერთო მოცულობის 35%), ნიდერლანდები (11%) და თურქეთი (9%).

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2015 წლის მე-3 კვარტალში 72% შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა - 218 მილიონი დოლარი, რაც მთლიანი მოცულობის 45%-ია. მეორე ადგილზეა საფინანსო სექტორი - 73 მილიონი დოლარი, ხოლო მესამეზე დამამუშავებელი მრეწველობა - 68 მილიონი დოლარი (შარშანდელთან შედარებით 44 მილიონი დოლარით ნაკლები). ენერგეტიკაში მე-3 კვარტალში სულ 22 მლნ დოლარის უცხოური კაპიტალი შემოვიდა, რაც 29 მილიონი დოლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სამ კვარტალში კი ენერგეტიკას 129 მილიონი დოლარით შეუმცირდა ინვესტიციები.

წლის დასაწყისში ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე წლის ბოლომდე თავის სექტორში 640 მილიონი დოლარის ინვესტიციას ელოდა. "ოპტიმისტურად ვარ განწყობილი", - განაცხადა რამდენიმე თვის წინათ კალაძემ და კონკრეტულ გეგმებზეც ისაუბრა. კერძოდ, წელს აჭარაში 50-დან 60 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო, "ტატა ჯგუფს" ენერგეტიკაში 100 მილიონი დოლარი უნდა დაებანდებინა, ხოლო "დარიალჰესის" პროექტს 30 მილიონი დოლარი მოეტანა.

"ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციებია. მხოლოდ ენერგეტიკის მიმართულებით, 2015 წელს 640 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია განხორციელდება", - სჯეროდა კალაძეს.

მეორე კვარტალში კი უკვე ცხადი გახდა, რომ ენერგეტიკაში 100 მლნ დოლარის დამბანდებელი ინვესტორიც კი არ ჩანდა. ამ მონაცემებმა ისე გააოცა კალაძე, რომ სტატისტიკური ინფორმაციის სისწორეშიც კი ეჭვი შეიტანა. "70-იანი წლების მერე ასეთი აღმშენებლობა ენერგეტიკის დარგში არ ყოფილა", - გაიკვირვა კალაძემ სტატისტიკური მონაცემების გაცნობისას. ენერგეტიკაში ინვესტიციების შეცმირების ახსნა უჭირს ენერგეტიკოს რევაზ არველაძეს. იგი აღნიშნავს, რომ ამ დარგის მიმართ უცხოელების ინტერესი ძალიან დიდია.

"უცხოელი ინვესტორები ენერგეტიკული სქეტორით მუდამ ინტერესდებოდნენ. მაგალითად, მტკვარზე 16 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმებოდა, მაგრამ რატომღაც ვერ დაამთავრეს ეს პროექტი. იგივე შეიძლება ითქვას ხუდონზე - ვერა და ვერ დაიწყო ამ პროექტის განხორციელება", - ამბობს რეზო არველაძე და დასძენს, რომ ინვესტორები მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებამ შეაფერხა. პარალელურად უცხოელების ყოყმანის მიზეზი უსაფრთხოების საკითხიც უნდა იყოს, ვინაიდან საქართველო მაღალი რისკის მქონე რეგიონშია.

2015 წლით იმედგაცრუებული ენერგეტიკოსები იმედს 2016 წელზე ამყარებენ და მიიჩნევენ, რომ საქართველოს ენერგოსექტორს უცხოელი ბიზნესმენები გაისად მაინც მოაკითხავენ. მთავარი იმედი ისევ ხუდონია, რომელიც 2007 წლის შემდეგ ყოველ წელს შენდება.

"2016 წლიდან უნდა დაიწყოს ძალიან სერიოზული ინვესტიციის შემოდინება. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, გაისად მესამე კვარტალიდან უნდა დაიწყოს ხუდონჰესის მშენებლობა. შესაძლებელია 500-მეგავატიანი თბოელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის განხორციელება, ასევე რაჭის ჰიდროელექტროსადგურის გაშვება და სხვა. 2016 წლიდან საგრძნობლად მოიმატებს ინვესტიციები", - ფიქრობს რევაზ არველაძე.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე, საინვესტიციო ნაკადების შემცირებასთან ერთად, ქვეყნიდან გადინებულ ნაკადზეც ამახვილებს ყურადებას. მისი განმარტებით, საგადასახდელო ბალანსი აჩვენებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოდან უფრო მეტი თანხა გადის, ვიდრე შემოდის.

"როდესაც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე ვაკეთებთ აქცენტს, პრობლემის ერთ ნახევარს ვხედავთ. უცხოური ინვესტიციის მიზანი მოგების მიღებაა, მაგრამ სად მიდის ეს მოგება ყურადღების მიღმა რჩება. თუ საგადასახდელო ბალანსს კარგად შევისწავლით, აღმოვაჩენთ, რომ ბოლო წლებში, უცხოური კაპიტალის საინვესტიციო მოგებისა და ჩვენი რეზიდენტების მიერ უცხოეთში განხორციელებული ინვესტიციების სახით, საქართველოდან უფრო მეტი თანხა გადის, ვიდრე შემოდის", - ამბობს სოსო არჩვაძე. მისი ინფორმაციით, წლების მიხედვით, ეს სიდიდე დაახლოებით 1,2-1,5 მილიარდ დოლარამდე მერყეობს.

"ამიტომ ყველაფერი უნდა შევაფასოთ არა მარტო საინვესტიციო შემოდინების, არამედ ამ გადინების კუთხითაც. დიდ კაპიტალდაბანდებას უცხოელი ინვესტორისთვის დიდი მოგება მოაქვს. შემდეგ სად მიდის ეს მოგება? რჩება საქართველოში რეინვესტირების სახით თუ გადის ქვეყნის გარეთ? სწორედ ამას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება", - ამბობს სოსო არჩვაძე.

მესამე კვარტალში შემცირებული ინვესტიციების მიუხედავად, ეკონომისტების ნაწილი ვარაუდობს, რომ ეს მაჩვენებელი წლის ბოლოს 1,5 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი "რეზონანსი"