ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა მთის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა მთის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, ღონისძიება ხვალ, სასტუმროში "ბეტსი" გაიმართება, სადაც საქართველოს მცირე და დიდი კავკასიონის რეგიონებში სასურსათო უსაფრთხოებისა და კვების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ კვლევის წინასწარი შედეგები გახდება ცნობილი. ღონისძიებას დაესწრებიან სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მთავრობის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც აქტიურად არის ჩაბმული მაღალმთიანი რეგიონების განვითარებაში და მათი სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესების საქმეში.

"აღნიშნული კვლევის შედეგები წარმოგვიდგენს არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს საქართველოს მაღალმთიანეთში, განსაკუთრებით საზღვრისპირა დასახლებებში. კვლევა განახორციელა სოფლისა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და განვითარების ინსტიტუტმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში "ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესება და მცირე ფერმერების მხარდაჭერა", რომელსაც ოქსფამი ახორციელებს საქართველოსა და სომხეთში.

კვლევის მიზანია შეისწავლოს საქართველოს მთინეთში არსებული მდგომარეობა სასურსათო უსაფრთხოების და კვების უსაფრთხოების კუთხით; ასევე კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული საფრთხეების შეფასება სურსათის წარმოებისა და სურსათზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. კვლევამ უნდა აჩვენოს, თუ როგორი მდგომარეობაა მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობში არასრულფასოვანი/არაჯანსაღი კვების მხრივ და როგორ გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებები მოსახლეობის მიერ სურსათის წარმოების შესაძლებლობაზე. კვლევამ დაფარა 3 რეგიონი, რომლებიც ესაზღვრებიან მეზობელ სახელმწიფოებს (რუსეთის ფედერაცია, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი); 1. დიდი კავკასიონის მთების დასავლეთით მდებარე მუნიციპალიტეტები (მესტიის და ონის მუნიციპალიტეტები) 2. დიდი კავკასიონის მთების აღმოსავლეთით მდებარე მუნიციპალიტეტები (ყაზბეგის, დუშეთის და ახმეტის მუნიციპალიტეტები) და 3. მცირე კავკასიონის მთებში მდებარე მუნიციპალიტეტები (ასპინძა, ადიგენი, ახალქალაქი, დმანისი, ხულო, ქედა და შუახევი)", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მთის საერთაშორისო დღე 2003 წლიდან აღინიშნება და ემსახურება მთის მნიშვნელობაზე ცნობადობის გაზრდას, მთის განვითარების გამოწვევებისა და შესაძლებლობების გამოვლენას და საერთაშორისო ალიანსების შექმნას, რომელიც მთის მაცხოვრებლების ცხოვრებაში პოზიტიურ ცვლილებას შეიტანენ.