საქართველოდან ექსპორტზე 9281.67 ტონა სტანდარტული მანდარინი გავიდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, ქვეყნიდან ექსპორტირებულია 9281.67 ტონა სტანდარტული მანდარინი, გადამუშავებულია 1747.5 ტონა. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის ნათქვამი, სამრეწველო მანდარინის გადამუშავების შედეგად მიღებული შემოსავალი 349 500 ლარს შეადგენს, აქედან სახელმწიფო სუბსიდიის თანხა 174 750 ლარია. ამ ეტაპზე მანდარინის გადამუშავებას აწარმოებს სამი ქარხანა: ქობულეთში Georgian Industrial Asset Management Group და შპს TCF Georgia, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში GEO-Flowers.

"საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას მიიღებენ. საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების უზრუნველსაყოფად, წელს სეზონზე აჭარასა და გურიაში მანდარინის ჩაბარება შესაძლებელია 40-მდე დამახარისხებელ (შემფუთავ) პავილიონში", - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, სტანდარტული მანდარინის ექსპორტი ძირითადად ხორციელდება შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი (78,83% - 7387 ტონა), უკრაინა (12,95% - 1202 ტონა), სომხეთი (4,27% - 396 ტონა), აზერბაიჯანი (1,52% - 141 ტონა), ყაზახეთი (1,40% - 130 ტონა), ბელორუსი ( 0,87% - 81 ტონა), სხვა ქვეყნები (0,16% - 15 ტონა).

2015 წლის 1 ნოემბრიდან ქალაქ ბათუმში შექმნილია ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბი, ფუნქციონირებს ცხელი ხაზი - 2 47 01 01 და ოფიციალური ვებგვერდი www.apma.გე.

მიმდინარე წელს, საპროგნოზო მონაცემებით, მანდარინის მოსავალი 115 500-მდე ტონა იქნება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე