აკაკი ცომაიას შეფასებით, ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით მთავრობა, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებს

ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით საქართველოს მთავრობა, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებს, - ამის შესახებ ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული იმ მონაცემების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2015 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 33 %-ით შემცირდა. აკაკი ცომაია "საქსტატის" მონაცემებს სარწმუნოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ საქართველოში მოვლენების განვითარების ლოგიკიდან გამომდინარე, მოლოდინიც ასეთია, რომ წინა წლებთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა უნდა შემცირებულიყო. აკაკი ცომაია ინვესტიციების შემცირების ბევრ მიზეზს ასახელებს, მათ შორის, გლობალურ ფაქტორებს, რეგიონსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

"ჯერ ერთი, მთლიანად მსოფლიოში საინვესტიციო აქტივობა შემცირებულია, იმ ეკონომიკური და გლობალური კრიზისიდან გამომდინარე, რომელსაც ადგილი აქვს. ამ თვალსაზრისით რეგიონშია კლება ინვესტიციების, მათ შორის, ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან, როგორიცაა - რუსეთი, უკრაინა, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი. გარკვეულწილად ეს უკავშირდება არასატაბილურობის ფატორებსაც, რასაც ამ რეგიონში აქვს ადგილი. ასევე ფასები ნედლეულზე, მათ შორის, ნავთობზე უფრო და უფრო მეტად მცირდება", - განაცხადა ცომაიამ.

რაც შეეხება საქართველოს და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, აკაკი ცომაიას შეფასებით, მაღალია არასტაბილურობის შეგრძნება, მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური რისკები, სავალუტო კურსის 35%-იანი გაუფასურება, რაც ბუნებრივია, ასევე ამ მაჩვენებელზე უარყოფითად მოქმედებს და საქართველო თანდათანობით ინვესტიციურად არამიმზიდველი ქვეყანა ხდება.

გარდა ამისა, ეკონომისტი ინვესტიციების შემცირების ერთ-ერთ მიზეზად ინსტიტუციურ ფაქტორებს, კერძოდ, რეგულაციების გაზრდას ასახელებს და ამ კონტექსტში "ანტიდემპინგურ კანონზე", ასევე მიწასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემებზე საუბრობს.

"სხვადასხვა მიმართულებით რეგულაციების გაზრდა ბაზარზე შეღწევის ბარიერებს ზრდის და შესაბამისად, ნეგატიურ გავლენას ახდენს ინვესტიციებზე", - განაცხადა ცომაიამ.

რაც შეეხება ინვესტიციებს ენერგეტიკის სეფროში, აკაკი ცომაიას შეფასებით, ენერგეტიკის სამინისტრო ამ მიმართულებით საერთოდ არ მუშაობს და ეკონომისტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სამინისტრო საერთოდ გასაუქმებელია.

"ბოლო ტენდენციები - "გაზპრომთან" ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა, ან ამის მოლოდინი და ინფორმაციის ჩაკეტვა, რომ თითქოს ერთ ინფორმაციას აჟღერებენ, მაგრამ საზოგადოებას ამის არ სჯერა, ბუნებრივია, რომ ეს ენერგოსექტორზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ასევე ის, რომ არ კმაყოფილდება კერძო სუბიქტების მოთხოვნა ტარიფების ზრდასთან მიმართებაში, რადგან ადგილი ჰქონდა სავალუტო ბაზარზე კურსის მნიშვნელოვან გაუფასურებას, ენერგეტიკა არამიმზიდველია საქართველოში ამ მიმართულებით, ამიტომ ინვესტიციების ჩადების პროცესი მნიშვნელოვნად შენელდა", - განაცხადა ცომაიამ.

რაც შეეხება ინვესტიციების მოზიდვის კუთხით საქართველოს მთავრობის საქმიანობას, აკაკი ცომაია ხელისუფლების მუშაობას კრიტიკულად და მკვეთრად ნეგატიურად აფასებს.

"ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებს. არანაირ მოქმედებას არ ახორციელებს, არ აქვს ერთიანი ხედვა, გუნდური მიდგომა, არ იკვეთება სტრუქტურა, მექანიზმი, მოქმედება იმასთან მიმართებაში, რომ რამე ხდება უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით", - განაცხადა ცომაიამ.

მისივე თქმით, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება ერთ-ერთი შესაძლებლობაა, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებსაც აინტერესებთ და სურთ ევროპის ბაზარზე გასვლა, ამ სივრცის ასათვისებლად საქართველო გამოიყენონ. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2015 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 33 %-ით შემცირდა.

გარდა ამისა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის სამი კვარტალის განმავლობაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯამური მოცულობა, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით, 17 %-ით ნაკლებია.