ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში 40 საწოლზე გარემონტებული კლინიკა გაიხსნება

დაახლოებით ერთ თვეში ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში 40 საწოლზე გარემონტებული კლინიკა გაიხსნება, - ამის შესახებ დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში არსებული სიტუაცია საზოგადოებაში ყბადაღებული თემაა და იქ არსებული მძიმე მდგომარეობა არაერთხელ გახდა ფოტო და ვიდეო გადაღების ობიექტი.

მინისტრის მოადგილის თქმით, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე სამინისტროს თანხებით მოხდა ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ერთ-ერთი შენობის გარემონტება, სადაც 40 საწოლზე რეანიმაციული, ინტენსიური თერაპიისა და სხვა სახის პალატები გაკეთდა. გარემონტებული კლინიკა დაახლოებით ერთ თვეში გაიხსნება.

როგორც ვალერი კვარაცხელიამ აღნიშნა, სამინისტრო ასევე გამოყოფს თანხებს აპარატურის შესაძენად. კერძოდ, რენტგენის, სუნთქვის აპარატების და სხვა სახის აპარატურისთვის.

"იქ კარგი პირობები შეიქმნა და სანამ ახალი ბავშვთა ინფექციური კლინიკა არ გვექნება, მანამდე ეს კლინიკა პაციენტებს მიიღებს", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.