ზაზა ვაშაყმაძე "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" წარმომადგენლებს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციაში, დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს თანამშრომლები და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაცია "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" პროგრამის მენეჯერ ნათია ბერძენიშვილსა და ფონდის დამოუკიდებელ ექსპერტს ესპანეთიდან, ჯემა პინიოლ პუიგის შეხვდნენ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" ინიციატივით შედგა, სტუმრები სააგენტოს საქმიანობას გაეცნენ.

"სტუმრებისავე ინიციატივით, მოხდა ინტერრელიგიური სათათბიროს წარმომადგენლებთან შეხვედრის ორგანიზება, რომელსაც კათოლიკური, მართლმადიდებლური, ებრაული, მუსლიმური, იეზიდური, ბაპტისტური, სომხური, პროტესტანტული და სხვა თემების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სათათბიროს წევრებმა სტუმრებს გააცნეს ინტერრელიგიური სათათბიროს ფორმატში სახელმწიფოსთან თანამშრომლობის საკითხები.

როგორც ესპანელმა კონსულტანტმა განაცხადა, იგი მოხიბლულია ამგვარი ფორმატის არსებობით და იგი მისთვის ცნობილთაგან საუკეთესო პრეცედენტია. მასპინძლებმა ფონდის წარმომადგენლებს სააგენტოს მიერ გამოცემული წიგნები და ინტერრელიგიური კალენდარი გადასცეს. ესპანელი ექსპერტის თქმით, კალენდარი უნიკალური მაგალითია და ის გამოცდილება, რომელიც ყველასათვის გასაზიარებელი და გასათვალისწინებელი უნდა გახდეს", - ნათქვამია რელიგიის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.