ყველაზე ძვირადღირებული პირუტყვი

მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი ძროხის ფასი 1 მილიონ 200 ათასი დოლარია

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 75 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენას ცხარე კამათი მოჰყვა: საქმე ის არის, რომ მათ შესაძენად 499 875 ლარი დაიხარჯა ანუ ერთი ძროხა 6 665 ლარი დაჯდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა აჭარის მთავრობა კორუფციასა და ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულეს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ეს ბრალდება უსაფუძვლოა და პირუტყვის ფასი სავსებით რეალურია. ჩვენ დავინტერესდით ამ საკითხით და გავარკვიეთ, რომ მსოფლიოში უფრო ძვირადღირებული საქონელიც არსებობს: ყველაზე ძვირფასი ძროხა კანადაში ცხოვრობს და მას გოლდ მისსი ჰქვია. ამ ძროხის ფასი 1 200 000 დოლარია - სწორედ ამ ფასად გაიყიდა "მისსი" ტორონტოში გამართულ ბაზრობაზე. ახლა გოლდ მისსი სრულ კომფორტში ცხოვრობს და სულ მალე შესაფერის "საქმროსაც" მოუძებნიან, რომ მისი არისტოკრატული ჯიში გაგრძელდეს. საქმე ის არის, რომ სელექციონერები ათეული წლების განმავლობაში აჯვარებდნენ ჰოლდშტეინის ჯიშის საუკეთესო წარმომადგენლებს, ვიდრე ეს იდეალური ნიმუში არ მიიღეს, რომელიც ძალიან გამძლე და ლამაზია. რაც მთავარია, ამ ჯიშის საქონელი განსაკუთრებული ხარისხის რძეს იძლევა. მსოფლიოში სხვა ძვირფასი ჯიშის ძროხებიც არსებობს.

ამ თემაზე "ფერმერთა ასოციაციის" ხელმძღვანელ ნინო ზამბახიძეს ვესაუბრეთ, რომელსაც ახალციხის რაიონში ფერმა აქვს, ქალბატონი ნინო ამ ბიზნესში 2008 წლიდან არის ჩართული:

ნინო ზამხახიძე - საერთოდ, ყველაფერი, რაც კარგი და მაღალი ხარისხისაა, ძვირიც ღირს, გამონაკლისი ამ მხრივ არც პირუტყვია. ძროხა, რომელიც ძალიან მაღალპროდუქტიულია და ბევრად უფრო მეტს იწველება, ვიდრე ჩვენი, ადგილობრივი ჯიშები, გაცილებით ძვირია. თუ ადგილობრივი ჯიშის ძროხა შეგიძლიათ იყიდოთ 1500, ან 2 000 ლარად და ის საუკეთესო შემთხვევაში 12 ლიტრ რძეს იწველის, 6-7 ათას ლარად შეძენილი საუკეთესო ჯიშის პირუტყვი 20-25 ლიტრს მოიწველის - სხვაობა აშკარაა.

- რას იტყოდით აჭარის მთავრობის მიერ შეძენილი მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე?

- აჭარის მთავრობის მიერ შესყიდული 1 ძროხა 6 665 ლარი დაჯდა. როგორც ვიცი, ეს არის სიმენტალის ჯიშის საქონელი, რომელიც ერთდროულად მეხორცულიც არის და მერძეულიც. ღირებულების 20 პროცენტს ფერმერი იხდის. თუ ფერმერების სუბსიდირება მოხერხდება და ისინი მხოლოდ 20, ან 30 პროცენტს გადაიხდიან, ეს სულაც არ არის უარყოფითი მოვლენა. როგორც ვიცი, უკვე რამდენიმე ფერმერს გადასცეს ეს პირუტყვი და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი ინიციატივაა.

- საქართველოში კიდევ ვის ჰყავს ასეთი ძვირადღირებული პირუტყვი?

- სხვათა შორის, ჩემი პირუტყვიც საკმაოდ ძვირფასია: მე შემოვიყვანე ძროხები, რომელიც 2700 დოლარი დამიჯდა. საკმაოდ ძვირიანი პირუტყვი ჰყავს მიხო სვიმონიშვილს, კახა ალანიას, ლაშა პაპაშვილს - მოკლედ, ვისაც თანამედროვე ფერმერული მეურნეობები აქვს, ყველა ცდილობს მაღალპროდუქტიული პირუტყვი ჰყავდეს. ეს იმიტომ, რომ ქართულ ძროხას თუ იყიდი, ზოგი 7 ლიტრს იწველის, ზოგი - 8-ს, ზოგი კიდევ - 10 ლიტრს. სამმა ძროხამ შეიძლება მოგცეს 25 ლიტრი, მაშინ როცა ერთმა, შედარებით ძვირადღირებულმა - 25 და 30 ლიტრი რძე. ბიზნესის საწარმოებლად ჯობია ფერმერმა ცოტა უფრო ძვირი გადაიხადოს და სამაგიეროდ, მეტი რძე მიიღოს. ამგვარ სიტუაციაში ფასზე არ დავობენ.

- ყველაზე ძვირფასი ჯიში რომელია?

- მე დავასახელებდი ჰოლდშტეინის ჯიშის ძროხას, რომელიც ჰოლანდიურია. სიმენტალისგან განსხვავებით, რომელიც მომთაბარეა და მთაში სიარული შეუძლია, ჰოლდშტეინი დაბმულია და როგორც ქარხანა, ისე იწველება.

- ჩვენს ქვეყანაში თუ ჰყავთ ასეთი ძვირფასი ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი?

- მე როგორც ვიცი, საქართველოში 3800-4000 ევროდ შეფასებული ძროხები ნამდვილად ჰყავთ. თუ ეროვნულ ვალუტაში გადავიყვანთ, მათი ფასი საკმაოდ მაღალია, რადგან მათი რძის ხარისხიც და რაოდენობაც გამორჩეულია.

- ქალბატონო ნინო, რას გვეტყოდით ძალიან ძვირფას ჯიშებზე, რომელიც ათეულ ათასობით დოლარი ღირს?

- ეგ უკვე საჯიშე ანუ ბუღამწარმოებელი პირუტყვია, რომელსაც ხელოვნური განაყოფიერებისთვის იყენებენ. რაც უფრო კარგი ჯიშისაა ძროხა, მით უფრო ძვირი ღირს. ასეთ ძროხებს ძალიან სუფთა გენი აქვთ და მათ ამ გენის გასამრავლებლად იყენებენ. ბუნებრივია, ასეთი ძროხაც ძალიან ძვირი ღირს და ხარიც, რადგან ორივე საჯიშედ გამოიყენება.

ხათუნა ჩიგოგიძე