აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ინვენტარიზაციას იწყებს

2016 წლიდან 2018 წლამდე აფხაზეთში 2500 ე.წ. "აფხაზური კულტურული მემკვიდრეობის ისტორიულ-კულტურული ობიექტის ინვენტარიზაცია" იგეგმება. "აფსნი.რუ"-ს ინფორმაციით, ამ პროგრამის რეალიზაციაზე 16 მილიონი რუბლია გათვალისწინებული. ამის შესახებ აფხაზეთის კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის დეფაქტო მინისტრმა ელვირა არსალიამ განაცხადა. მან აღნიშნული პროგრამის პრეზენტაცია აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე წარადგინა, რომელსაც მთავრობის წევრებმა მხარი დაუჭირეს.

სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი ე.წ. სახელმწიფო რეესტრისა და ღია საინფორმაციო სისტემის შექმნას.

არსალიას განცხადებით, ამ პროგრამის რეალიზების შემთხვევაში დოკუმენტალური ფონდების ელექტრონული არქივი შეიქმნება, რომელიც ასევე მოიცავს ერთიან მონაცემებს არქეოლოგიის ძეგლების, ისტორიული ქალაქებისა და აფხაზეთის არქიტექტურისა და ისტორიული ძეგლების შესახებ.