ოთარ დანელიას განცხადებით, მისი უწყების ბიუჯეტის 95 %-ზე მეტი ათვისებულია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, სამინისტროს 2015 წლის ბიუჯეტის ათვისების მაღალი მაჩვენებელი აქვს. როგორც ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს სასტუმრო "ჰუალინგში" სოფლის განვითარების ხედვის პრეზენტაციისას განუცხადა, სამინისტროს მიერ ბიუჯეტის ათვისების მაჩვენებელი უკვე 95%-ზე მეტია.

"მიუხედავად იმისა, რომ ჯერ წელი არ დასრულებულა, ჩვენი ათვისება არის ძალიან კარგი. ჩვენი ბიუჯეტის ძალიან დიდი ნაწილი წასულია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც მოიცავს მათ შორის მელიორაციას, ასევე ბიუჯეტი მოხმარდა კოოპერატივების განვითარებას. შესრულება უკვე მაღალი გვაქვს და წლის ბოლომდე გვექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნიშნული. ამ დროისთვის ათვისების მაჩვენებელი 95%-ზე მეტია", - განაცხადა ოთარ დანელიამ. რაც შეეხება მომდევნო წლის ბიუჯეტს, მისივე თქმით, ბიუჯეტი არის ძალიან ოპტიმალური და არ შეიცავს კომფორტის არცერთ ნიშანს.

"ბიუჯეტი არის ძალიან ოპტიმალური, ეს არ არის კომფორტული ბიუჯეტი და ის კომფორტის არცერთ ნიშნულს არ შეიცავს. ბიუჯეტში განსაზღვრულია მინიმალური აუცილებლობები, რათა გავაგრძელოთ ყველა დაწყებული პროექტი, გავაგრძელოთ ყველა დაპირებული პროგრამა, ეს არის აუცილებელი ბიუჯეტი. დაგვჭირდება თუ არა თანხების დამატება, ამ ეტაპზე ამის საჭიროებას ნამდვილად ვერ ვხედავთ. თუმცა წელს, მაგალითად, რთველისთვის დაგვჭირდა დამატებითი თანხების მობილიზება. შესაბამისად, დღეს რთულია დღევანდელი მოცემულობით ვისარგებლოთ, რადგან ისე სწარაფად ვითარდება რეგიონში მოვლენები, რომ ამისგან დაზღვეული არავინ არ არის", - განაცხადა დანელიამ.