თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 815 მლნ 900 ათასი ლარით განისაზღვრა

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 815 900 000 ლარით განისაზღვრა, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. თბილისის მთავრობის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი 2015 წლის თავდაპირველად დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებთან შედარებით, რომელიც 735 700 000 ლარს შეადგენდა, 80 200 000 ლარითაა გაზრდილი. რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკრებულოს შენიშვნებს, მერის განმარტებით, ის შეძლებისდაგვარად იქნა გათვალისწინებული.

"10 დეკემბერს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თბილისის 2016 წლის ბიჯეტის დაზუსტებული პროექტი შევიდა საკრებულოში. დაზუსტებულ პროექტში თბილისის საკრებულოს რეკომენდაციები, უმრავლესობასთან კონსულტაციების შედეგად, შეძლებისდაგვარად იქნა გათვალისწინებული. თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 815 900 000 ლარით განისაზღვრა, რაც 2015 წლის თავდაპირველად დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებთან მიმართებაში, რომელიც შეადგენდა 735 700 000 ლარს, გაზრდილია 80 200 000 ლარით", - განაცხადა ნარმანიამ.

მისივე ინფორმაციით, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში კვლავ პრიორიტეტებად რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ასევე გამწვანების ღონისძიებები.

"ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 2016 წელს განსაზღვრულია 271 მლნ ლარი, რაც 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (210 მლნ.) 61 მლნ ლარით მეტია.

ამასთან, 13 ნოემბერს საკრებულოში წარდგენილი ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან შედარებით, გაიზარდა ისეთი პროექტების დაფინანსება, როგორიცაა გზების მოვლა-შეკეთება რაიონებში - 2 600 000 ლარით; ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების გამაგრება - 3 მლნ ლარით; კეთილმოწყობის ღონისძიებები რაიონებში - 4 მლნ ლარით.

ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე გამოყოფილია 214 300 000 ლარი, რაც 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (205 მლნ) 9 300 000 ლარით მეტია. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში, გარდა არსებული ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებისა, გათვალისწინებულია ახალი პროგრამების დაფინანსებაც:

3 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა ჰერცეპტინის პროგრამის დაფინანსება, რაც ადრეული ძუძუს კიბოს დადებითი (I-III) სტადიის მქონე პირებისათვის პრეპარატი ჰერცეპტინით უზრუნველყოფას გულისხმობს; 300 000 ლარით დაფინანსდება ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პირთათვის მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მომსახურების მიწოდება; 500 000 ლარია გამოყოფილი ახალი პროგრამისთვის, რომელიც ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განვითარების ხელშეწყობისთვის ორთოპედიული პათოლოგიების სკრინინგსა და აღდგენით თერაპიას მოიცავს. ასევე გაზრდილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაფინანსებაც, გასულ წელთან შედარებით ზრდამ 3  400 000 ლარი შეადგინა.

განათლებაზე გამოყოფილია 95,1 მლნ ლარი, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე (92  633 000) 2 500 000 ლარით მეტია.

აღსანიშნავია, რომ სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის პროგრამა გაიზარდა 106 800 ლარით, პროგრამას დაემატება ქალაქ თბილისის მერიის ხელოვნების სკოლებში იძულებით გადაადგილებულ მოსწავლეთა უფასო სწავლება.

გამწვანების ღონისძიებებისთვის 2016 წლის ბიუჯეტის თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით, 2 მლნ ლარით მეტია განსაზღვრული, რაც ვერეს ხეობაში და პარკი მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონის მოწყობის სამუშაოებზე მიიმართება", - აღნიშნა თბილისის მერმა.