ქრთამის აღების ფაქტზე აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომელი დააკავეს

სამართალდამცველებმა ქრთამის აღების ფაქტზე, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომელი, დავით ჩიკვაიძე დააკავეს, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ მოქალაქეს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ ციტრუსისა და ვაშლის ყალბი წარმოშობის სერთიფიკატი, ექსპერტიზის დასკვნა და ხელშეკრულება დაუმზადა.

"საგამოძიებო სამსახურის მიერ, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დავით ჩიკვაიძის მიერ უკანონოდ დამზადებული წარმოშობის სერტიფიკატი და ექსპერტიზის დასკვნა", - ნათქვამია განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით. "საგამოძიებო სამსახური მსგავსი ტიპის შესაძლო კანონდარღვევის მიმართ მკაცრ ზედამხედველობას და კონტროლს ახორციელებს", - ნათქვამია განცხადებაში.